სპორტის სამინისტროსთან დაკავშირებით “ახალი თაობა“ სკანდალურ მასალას აქვეყნებს
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის საქმიანობა ბოლო რამდნეიმე თვის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. სპორტის საპარლამენტო კომიტეტმა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე ბოლო დროს არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ყიფიანის უწყებაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დადებული დასკვნის გასაჯაროებას კომიტეტი ამ დღეებში აპირებს. თუმცა, როგორც ჩანს, „ახალმა თაობამ“ ეს დასკვნა გაცილებით ადრე მოიპოვა.
საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ მასალას უცვლელად გთავაზობთ:
„დასკვნა საკმაოდ ვრცელია და ამიტომაც აქედან ყველაზე საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ. კომიტეტში დასკვნას სკანდალურს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ამის შემდეგ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.
ყველაზე მეტი პრეტენზია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით არის. თუმცა მინისტრთან სხვა შენიშვნებიც აქვთ.
1. რეფორმა და საკანონმდებლო ინიციატივები
კომიტეტის დასკვნით, სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი მეტ-ნაკლებად ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯი დარგის სისტემური რეფორმირებისთვის, მოწინავე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისთვის. სამინისტროს ხელმძღვანელთა მიერ შემუშავებული პროგრამა ქაღალდზე რჩება, დღემდე არ ამოქმედებულა სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით უწყებათაშორისმა საკოორდინციო საბჭომ შეიმუშავა და 2014 წლის გაზაფხულზე დამტკიცდა.
დეპუტატები ჩივიან, რომ სამინისტროს პარლამენტში განსახილველად არ შემოუტანია არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, არც ერთი წინადადება 1996 წელს მიღებული და მოძველებული სპორტის კანონის თუნდაც ცალკეული მუხლების, სპორტში მოქმედი ნორმატიულ-მარეგულირებელი აქტების დასახვეწად და გასაახლებლად, არ მოუხდენია ისეთი კანონპროექტების ინიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობდა სპორტში კერძო ინვესტიციების წახალისებას, სპორტის სპონსორთა ინსტიტუტის გაძლიერებას, სპორტული ობიექტებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, სპორტული ინვენტარ-აღჭურვილობის შესყიდვის წესების გამარტივებას და ა.შ. სამინისტროს კანონით დაკისრებული მოვალეობაა კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია, სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების პარლამენტში წარდგენისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ამ მოვალეობას სამინისტრო დღემდე არ ასრულებს.
დასკვნაში სკოლებში სპორტის განვითარებაზე, სპორტული მედიცინის იგნორირებაზეც არის საუბარი.
2. რატომ არ იზრდება სპორტული მიღწევები
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი სპორტული მიღწევებითაც უკმაყოფილოა. დეპუტატები შიშობენ, რომ 2016 წლის ოლიმპიადაზე ბევრად ნაკლები ქართველი ათლეტი წავა, ვიდრე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე.
აი რას ვკითხულობთ დასკვნაში:
– მზარდი დაფინანსების მიუხედავად, ადეკვატურად არ იზრდება სპორტული შედეგები. პირიქით – ჩვენთვის ტრადიციულ და წარმატებულ სპორტის სახეობებშიც კი შეინიშნება ერთგვარი უკუსვლა. საგანგაშოა, რომ ოლიმპიური ციკლის პირველ ნახევარში (2013-2014 წლები) ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედლები მოპოვებულია მხოლოდ ძიუდოსა და ჭიდაობაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება კი მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა შეძლო. ამ წლების შედეგებით 2-3-ჯერ ჩამოვრჩებით ჩვენს მეზობლებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს. საგანგაშოა, რომ დღეისათვის თავისუფალი და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის რეიტინგების პირველ ხუთეულში ერთადერთი სპორტსმენი გვყავს. ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ნაკლები სპორტსმენი გვყავდეს, ვიდრე ლონდონსა თუ პეკინში. სპორტის უმეტეს სახეობებში თითქმის არ ჩანან ისეთი კვალიფიკაციის და პერსპექტივის სპორტსმენები, რომელთაც შეეძლებათ მაღალი სპორტული შედეგების მოპოვება.
ჭიდაობაში მიღწევებით აშკარად მოვიკოჭლებთ, მაგრამ ეს მარტო ლევან ყიფიანის ბრალი არ უნდა იყოს. სხვა თუ არაფერი, მინისტრი მათ მაგივრად ვერ იჭიდავებდა.
რატომ ლობირებს სპორტის სამინისტრო ჭადრაკის ფედერაციას
ყველაზე მეტი პრეტენზია საბიუჯეტო სახსრების განაწილებას უკავშირდება. დასკვნის დიდი ნაწილი სწორედ ამ თემას უკავია.
დასკვნის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში, ბიუჯეტი ნაწილდება ერთპიროვნულად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და უმეტესი სპორტული ფედერაციების პოზიციის იგნორირებით. ბიუჯეტთან დაკავშირებით სამინისტროს კულუარებში მიღებული არაადექვატური გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი _ მაგალითად, ჭადრაკისთვის გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარი, მაშინ, როდესაც საბაზისო და ოლიმპიური სპორტის სახეობების ბიუჯეტი მიზერულად გაიზარდა.
დასკვნაში წერია, რომ ერთ-ერთი ფედერაციის ბიუჯეტი თითქმის 30 პროცენტით აღემატება ერთად აღებულ სხვა 40-მდე ფედერაციის ბიუჯეტს, რომელთა შორის 20-ზე მეტი ოლიმპიური სახეობაა – ტანვარჯიშის, საწყლოსნო და ტყვიის სროლის სახეობები, ძალოსნობა, კრივი, მძლეოსნობა, ფრენბურთი, მშვილდოსნობა, თანამედროვე ხუთჭიდი და სხვ.
– განსაკუთრებით თვალშისაცემია დისბალანსი ძიუდოსა და ჭიდაობის ორი სახეობის ბიუჯეტსა და სამინისტროს მიერ გაუმართლებლად უხვად დაფინანსებული სახეობების ბიუჯეტებს შორის, – ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში, – ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციები, მდიდარი ტრადიციებით, თავისი დღევანდელი შედეგებით გაცილებით მეტს იმსახურებენ. მხოლოდ ერთ ფაქტს შეგახსენებთ: ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული შვიდივე მედალი სწორედ ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის.
სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტიდან 2015 წელს უშუალოდ სპორტის განვითარებისთვის მიმართული 43 მილიონი ლარის მესამედი – 14,5 მილიონი ლარი სპორტის მხოლოდ ორ სახეობას ხმარდება.
დასკვნაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსებას:
– წლის დასაწყისში ცხარე კამათი გამოიწვია სამინისტროს ხელმძღვანელობის ლობირებით და მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბერის დადგენილებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჭადრაკის ფედერაციისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015-2018 წლებში 38.570.149 ლარის გამოყოფის შესახებ. ხალხი დღემდე კითხულობს, სპორტის ერთი არაოლიმპიურ სახეობას რატომ გამოეყო უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ერთად აღებულ 20-მდე ოლიმპიურ სახეობას (მათ რიცხვში იგულისხმება ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
დასკვნის ავტორები საკითხთან დაკავშირებით ასეთ პოზიციას აფიქსირებენ:
– ეს არის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეცდომაში შეყვანის გზით, ადამიანთა მცირე ჯგუფის პირადი ინტერესების სასარგებლოდ, არამიზნობრივად და დაუსაბუთებლად დიდი ოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვის დაკანონება. ეს არის სამწუხარო გაუგებრობა, რომელიც სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელთა აქტიურობამ და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა საქმეში ჩაუხედაობამ განაპირობა.
შემდეგ საუბარი ისევ ჭადრაკის ფედერაციას ეხება:
– ჭადრაკის ფედერაციას და აწ უკვე გადამდგარ მინისტრის პირველ მოადგილეს, ზურაბ აზმაიფარაშვილს, თავადაც მოჭადრაკეს (რომელმაც ასე „მარჯვედ“ გამოიყენა თავისი თანამდებობა, მინისტრის ლოიალობა და ზემოხსენებული სამთავრობო დადგენილების მიღების შემდეგ მალევე დატოვა პოსტი) დღეს ხელთ აქვთ მთავრობის მიერ დამტკიცებული ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში 40 მილიონამდე ლარის დახარჯვას ითვალისწინებს. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი, ერთი შეჯიბრების – საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობას და მის თანმხლებ გაურკვეველ ხარჯებს უნდა მოხმარდეს და არა – ქვეყანაში ჭადრაკის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებს.
დასკვნის ავტორები მიესალმებიან საქართველოში საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების იდეას. ჭადრაკი ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში, ჩვენი სახელოვანი მოჭადრაკე ქალების მიღწევებით კი მთელი ქვეყანა ამაყობს.
– მაგრამ გაუგებარია, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადახდილი ათეულობით მილიონი ლარი რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საქმეში, რასაც ჩვენზე გაცილებით დიდი და უზომოდ მდიდარი ქვეყნები არ ხარჯავენ საჭადრაკო ოლიმპიადების სამასპინძლოდ და ეს ყველაფერი, რეალურად, არავითარ უკუგებას არ იძლევა, – ნათქვამია დასკვნაში.
დეპუტატებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს ჩვენმა ბიუჯეტმა ცალკე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას (ფიდე) 1.150.000 ევრო, საიდანაც ნახევარი მილიონი ევრო უნდა მოხმარდეს სხვადასხვა კონტინენტზე ჭადრაკის განვითარების სპეციალურ პროგრამების დაფინანსებას (?!), 250.000 ევრო – „დამატებით ხარჯებს“ (?!), 50.000 ევრო – ფიდეს ოფიციალური პირების სტიპენდიებს(?!).
– საქართველოს მხარემ რატომ აიღო პასუხისმგებლობა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წინაშე, რომ ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს საკუთარი სახსრებით აცხოვრებდა ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და უფრო მეტიც – მათი თვითმფრინავის ბილეთების ღირებულებასაც (?!) ჩვენი ბიუჯეტიდან გადაიხდიდა? – აინტერესებთ დასკვნის ავტორებს.
დეპუტატებს სერიოზული კითხვები უჩნდებათ 2017 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო თასის გათამაშებასთან დაკავშირებით.
– საქართველოს ბიუჯეტმა რატომ უნდა გამოყოს 1.530.000 ევრო ამ შეჯიბრებაში მონაწილეთა საპრიზო ფონდისთვის და, რეალურად, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის სპონსორად რატომ უნდა მოგვევლინოს? ვის და რის ხარჯზე ვიჩენთ ასეთ გულუხვობას? 1.530.000 ევრო, მაგალითად, საკმარისია იმისთვის, რომ გადაიჭრას ჩვენი სპორტის უმნიშვნელოვანესი პრობლემა – მოეწყოს და უახლესი ტექნიკით აღიჭურვოს თანამედროვე სამედიცინო პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო ცენტრი. სამინისტრო ამ გადაუდებელი საქმის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს, სამაგიეროდ, მზად არის. ბიუჯეტის მილიონები უცხოელ მოჭადრაკეებს ჩამოურიგოს, – ნათქვამია დასკვნაში.
დეპუტატებმა ისიც გაარკვიეს, რომ საჭადრაკო ოლიმპიადებზე თითოეული ქვეყანა თავადვე იხდის თავისი დელეგაციის ხარჯის მნიშვნელოვან ნაწილს და, შესაბამისად, ოლიმპიადებში საქართველოს მოჭადრაკეთა ყველა აქამდელი მონაწილეობის ძირითადი ხარჯები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტმა დააფინანსა (მაგალითად, შარშანდელ ოლიმპიადაში ჩვენი მოჭადრაკეების მხოლოდ მონაწილეობა 120 ათასამდე ლარი დაჯდა).
– ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და, მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა მთავრობა. მინისტრი პირიქით მოიქცა – ფინანსურად და თუ გნებავთ _ პოლიტიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიღებას შეუწყო ხელი და ქვეყნის ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, – ნათქვამია დასკვნაში, რომლის ავტორები ასეთ კითხვებს სვამენ:
– განა საქართველოს და ქართულ ჭადრაკს იმდენი დამსახურება არ მიუძღვის მსოფლიო ჭადრაკის წინაშე, რომ ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების სანაცვლოდ საერთაშორისო ფედერაციას და მის წევრებს ამხელა ხარკი არ გადაუხადოს? რატომ ფორმდება ასეთი კაბალური ხელშეკრულება, რის უფლებასაც თავის თავს არ აძლევენ ჩვენზე ათჯერ და მეტჯერ მდიდარი ქვეყნები? ვისი ინტერესები დგას ყოველივე ამის უკან?
ვინ ერევა ფედერაციების საქმიანობაში
ყიფიანისა და საპარლამენტო კომიტეტების დაპირისპირებაში სპორტული ფედერაციებიც ჩაერთვნენ. მათ 4 აპრილს საგანგებო თავყრილობა გამართეს, სადაც მხარი სპორტის მინისტრს დაუჭირეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი ამ თავყრილობის ორგანიზატორად მინისტრს მიიჩნევს.
– იმის მაგივრად რომ ჩვენს კითხვებზე პასუხი გაეცა, პირადად მინისტრმა ყიფიანმა საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროვოცირება გაუკეთა სპორტის ფედერაციების ხელმძღვანელთა გაუგებარ შეკრებას და ამით ქართული სპორტული ოჯახის ერთიანობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ძალიან მძიმე შეცდომაა, როცა სახელმწიფოს მიერ შენთვის მონდობილ ფინანსურ რესურსს და მისი განაწილების ბერკეტს შენივე შერყეული პოზიციების გასამაგრებლად იყენებ და პატივცემულ და ღირსეულ ადამიანებს ასეთი საჩოთირო ნაბიჯისკენ უბიძგებ, – აცხადებენ კომიტეტში.
დეპუტატების განმარტებით, სწორედ ეს არის ფედერაციების საქმეში ჩარევა და ხელების ფათური.
– ეს არის სპორტში პოლიტიკის შემოტანის უხეში მცდელობა, რასაც ვითომდა ასე ხმალამოღებული ებრძვის ჩვენი მინისტრი, რომელმაც ადრე, თუნდაც კალათბურთის მაგალითზე, კარგად დაგვანახა თავისი „დემოკრატიულობა და ჩაურევლობა“ სპორტულ ფედერაციებთან მიმართებაში, – აცხადებენ კომიტეტში.
ფედერაციების ხელმძღვანელთა 4 აპრილის შეკრების მიმართ კომიტეტი პატივისცემას გამოხატავს, მაგრამ ტონს უწუნებ.
– თქვენი შეკრების ფორმა და იქ დეპუტატების მიპატიჟების ტონი, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული იყო. არასწორი იყო იმ შეკრებაზე მიღებული განცხადების პათოსიც. არავის, და მათ შორის არც სპორტულ ფედერაციებს თუ მათ წარმომადგენლობით შეკრებას, არა აქვს უფლება ამ ფორმით ჩაერიოს ორი სახელისუფლებო შტოს ურთიერთობაში და მოახდინოს საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილების რევიზია. ნუ იქნებით იმ საქმის განმკითხავნი, სადაც არბიტრის ფუნქცია თქვენ არ გაკისრიათ, – ასეთია კომიტეტის პოზიცია.
დასკვნა ოფიციალურად ამ დღეებში გამოქვეყნდება. კომიტეტში აცხადებენ, რომ ახლა გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის მეთაურმა უნდა მიიღოს. როგორც ამბობენ, ექსპრემიერს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება. და, სავარაუდოდ, ისე იქნება, როგორც ივანიშვილი იტყვის.