ელიზბარ ჯაველიძე: „პლასტელინმა“ სააკაშვილის ფორმა მიიღო
აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის შეფასებით, რომ არა ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დიდი მხარდაჭერა, გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არავინ აირჩევდა, რადგან პრეზიდენტად იმ ადამიანის არჩევა, რომელმაც ქართველი ერი „ავადმყოფად“ მონათლა და „მსუბუქი დებილობის ფორმით“ შეპყრობილ მოზარდს შეადარა, არ შეიძლებოდა. ამის შესახებ აკადემიკოსმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯაველიძის განცხადებით, მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის აღმშენებლობისთვის, მის ყოფილ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მადლობა ღიად გადაუხადა, რის გამოც, მარგველაშვილსაც ისევე სძულს ქართველი კაცი, როგორც ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და კუბლაშვილს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ყველა ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივია. „აკი მარგველაშვილი გაპრეზიდენტებამდე გაიძახოდა, მე პლასტელინივით ვარო, ჰოდა, როდესაც მიზანს მიაღწია, „პლასტელინმა“ სააკაშვილის ფორმა მიიღო. დღესდღეისობით, მარგველაშვილის ყველა ნაბიჯი აშკარად ანტისახელმწიფოებრივია და ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს. ხალხი უკვე ისეა გამწარებული, რომ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციიდან გამოათრევს, ხოლო ნაცებს – პარლამენტიდან“, – განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.