ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით სამეთაურო-საშტაბო სწავლება გამართა
25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საჩვენებელი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „აღალი 2015“ გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. წვრთნას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი დაესწრნენ. „აღალი 2015“-ზე იმყოფებოდნენ ასევე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი და სხვადასხვა ბრიგადის ხელმძღვანელი პირები.
სწავლების მეთაურმა სტუმრებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „აღალი 2015“ საბრძოლო ოპერაციების დროს ქვედანაყოფების უწყვეტ და დროულ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, ასევე მართვისა და კონტროლის სრულყოფას ისახავდა მიზნად.
უწყების ცნობით, იმიტირებული სცენარის მიხედვით, საბრძოლო ვითარებისას ლოგისტიკის სარდლობას შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის ყველა კლასის მარაგის უზრუნველყოფა დაევალა. ადგილზე ფუნქციონირებდა საევაკუაციო და სარემონტო ჯგუფებიც.