გენერალ – მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩეხეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩეხეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსი საპატიო სტუმრის რანგში საბრძოლო ლოგისტიკური უზრუნველყოფის თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო.
საერთაშორისო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და სამომავლო ოპერაციებისთვის სამრეწველო და სამხედრო სფეროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განიხილავენ. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩეხ კოლეგას შეხვდა. ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრისას საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავალო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხს. შეხვედრას საჰაერო ძალების სარდალი ბრიგადის გენერალი ლიბორ სტეფანიკი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ. გენერალური შტაბის უფროსს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტომას კუხტამაც უმასპინძლა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იარაღისა და სამხედრო სისტემის მწარმოებელ სხვადასხვა ქარხნებსაც ესტუმრა და არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.