დავით ნარმანია ბრესტის მერს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ქალაქ ბრესტის მერს, ალექსანდრ როგაჩუკს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დავით ნარმანიამ სტუმარს სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. დავით ნარმანიას განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ბრესტის გამოცდილების გაზიარება კომუნალური სერვისების მიწოდების, ასევე სამრეწველო და გადამამუშავებელი ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით. ბრესტის მერი დაინტერესდა, როგორ ხდება სერვისების მარტივად მიწოდება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.
„ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრესტს და თბილისს თითქმის ერთნაირი პრობლემები აქვს და საინტერესო იყო მომესმინა, როგორ წყვეტთ ამ პრობლემებს. იმედია, ვიმეგობრებთ ქალაქ ბათუმთანაც“, – განაცხადა ალექსანდრ როგაჩუკმა.