ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ორ პიროვნებაზე მუშაობს
ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, – ამის შესახებ „კვირას“ გარდაცვლილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა განუცხადა. როგორც „კვირასთან“ ზურა კიწმარიშვილმა აღნიშნა, იგი ფიქრობს, რომ ეს ადამიანი შესაძლოა, ჩრდილოკავკასიელი იყოს.
მისი თქმით, აღნიშნული პიროვნება დაფიქსირიებულია იმ ტერიტორიაზე სწორედ იმ დროს, როცა, სავარაუდოდ, გასროლა განხორციელდა.
„ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც ვიდეომასალის გაცნობის პროცესში გამოიკვეთა და რომლითაც გამოძიება დაინტერესდა. ყველას იდენტიფიცირება მოხდა, ყველა დაიკითხა და ეს პიროვნება კი ვერ გაირკვა, ვინ არის. მომეჩვენა, რომ ის ქართველი არ უნდა იყოს, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცია. პარალელი გავავლე ჩრდილოკავკასიური ბოევიკის ტიპაჟზე, ასეთი მოსაზრება გამიჩნდა. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა. აღნიშნული პიროვნება იმ ტერიტორიაზე სწორედ იმ დროს არის დაფიქსირებული, როცა სავარაუდოდ ეს გასროლა განხორციელდა“, – ამბობს კიწმარიშვილი.
მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ გამოავლინა კიდევ ერთი პირი, რომელზეც გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
„არის ადამიანი, რომელმაც კვალი დატოვა გამოძიების პროცესში, ამ ადამიანის სახელი და გვარი ცნობილია, თუმცა ის არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება. გამოძიება შეხვდა მას, რამდენჯერმე დაკითხა, გარკვეული ინფორმაცია უკვე მოპოვებულია, თუმცა ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვება. ცალკეა ეს ყველაფერი“,- აცხადებს კიწმარიშვილი.
მისივე ინფორმაციით, მუხლის გადაკვალიფიცირების საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუკი მთელი ამ ღონისძიებებისა და მოქმედებების პროცესში გამოიკვეთება ეჭვშეუვალი ფაქტი, ინფორმაცია, რის საფუძველზეც მართებული იქნება კვალიფიკაციის შეცვლა. „სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდება და არც მაქვს მოლოდინი, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ამას სჭირდება მტკიცე არგუმენტი და ფაქტი, რომ ასეთი რამ მოხდეს და ამის მოპოვების მცდელობები გვაქვს“,- აცხადებს ეროსი კიწმარიშვილის ძმა. რაც შეეხება იმას, არის თუ არა კიწმარიშვილის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილი, ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ რაც დღეს ამ კუთხით კეთდება, შესაძლებელი იყო უფრო ადრე გაკეთებულიყო. „უბრალოდ, გამოძიებას ჩემი აზრით არასწორი მიდგომა ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა მან რამდენიმე ჩვენი შეთავაზება უპასუხოდ დატოვა,“ – განაცხადა კიწმარიშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილი გასული წლის ზაფხულში, სახლის ავტოფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული, თუმცა, ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება.