ბუდაპეშტში ქობალიასა და დათა ახალაიას შორის შეხვედრის ფაქტს დელეგაციის წევრები სიცრუეს უწოდებენ (ვიდეო)
ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის გამგეობისა და მერიის თანამშრომლები ბუდაპეშტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას შეხვდნენ. კერძოდ, საუბარია ზუგდიდის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსზე თენგიზ ქობალიასა და მის მეუღლეზე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის უფროსზე იდა ქვარაიაზე.
არსებული ინფორმაციით, ქობალია და ქვარაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა წევრებთან ერთად ბუდაპეშტში ტრენინგზე იმყოფებოდნენ.
ბუდაპეშტის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი დათა ახალაია “ლაივპრესის“ ჟურნალისტმა გერონტი ყალიჩავამ დააფიქსირა და ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსა, თუმცა ვიდეომასალაში არც ქობალია და არც ქვარაია არ ჩანან.
ყალიჩავა ზუგდიდიდან წასულ დელეგაციას ახლდა.
“კვირა“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, რომ აღნიშნული პირები დათა ახალიას შეხვდნენ. ზუგდიდის რაიონის საკრებულოს აპარატის უფროსი ნატა პაპასკირი, რომელიც დელეგაციის შემადგენლობაში იყო, “კვირასთან“ კომენტარში დათა ახალაიასთან ქვარაიასა და ქობალიას შეხვედრას სიცრუეს უწოდებს. პაპასკირი „ლაივპრესის“ ჟურნალისტის გერონტი ყალიჩავას მიერ გადაღებულ ვიდეოზე საუბრობს.
მისი თქმით, ყალიჩავამ, რომელიც აღნიშნულ დელეგაციას ახლდა, ვიდეოზე დააფიქსირა ბუდაპეშტის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი დათა ახალაია, რომელსაც რამდენიმე პირი ახლდა თან.
“ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე აგებული ინფორმაცია. მე თავად ვიმყოფებოდი დელეგაციაში. ჩვენ დელეგაციას თან ახლდა ჟურნალისტი გერონტი ყალიჩავა, მან დააფიქსირა და გადაიღო ახალაია, ჩვენც მერე ვნახეთ ეს ვიდეო რომ გაავრცელა, მაგრამ მასთან შეხვედრას და რამე მსგავს ადგილი არ ჰქონია და ეს არის აბსურდი“, – აცხადებს ნატა პაპასკირი.
ახალაიასთან შეხვედრას სიცურეს უწოდებს ,,კვირასთან“ კომენტარში ჟურნალისტი გუგა ლაგვილავა, რომელიც ასევე ახლდა დელეგაციას.
“არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია, არავინ არავის არ შეხვედრია. ამ ადამიანმა შემთხვევით გაიარა და ეს დააფიქსირა ჩვენთან მყოფმა “ლაივპრესის“ ჟურნალისტმა გერონტი ყალიჩავამ. მე ვთვლი, რომ გამოცემას, რომელსაც პრეტენზია აქვს სერიოზულობაზე, არ ეკადრება ასეთი გადაუმოწმებელი და ჭორზე დაფუძნებული ინფორმაციის ტირაჟირება. ეს არის სისულელე, უსინდისო ტყუილი“, – აცხადებს გუგა ლაგვილავა.
„კვირა“ ჟურნალისტ გერონტი ყალიჩავას მიერ ბუდაპეშტში გადაღებულ ვიდეოს გთავაზობთ.