რა მდგომარეობაშია მოზარდი, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა – მუხიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
გაზეთი „კვირის პალიტრა“ მუხიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე სტატიას აქვეყნებს. საუბარია 18 აპრილს მომხდარი ფაქტზე, როდესაც 14 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან გადახტა და თავის მოკვლა სცადა. მამამ კი, რომელიც ამ დროს შინ იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. როგორც გამოცემა წერს, 14 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ჯერ ისევ რეანიმაციაში, აპარატზეა შეერთებული. ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. მოზარდს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა აქვს და, სავარაუდოდ, რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება. გამოცემის ინფორმაციით, ირკვევა, რომ ბინაში მამა და მისი 14 წლის ვაჟი მარტონი იყვნენ. სავარაუდოდ, მათ იჩხუბეს და ყველაფერი ასეთი ტრაგედიით დასრულდა.
„როგორც ამბობენ, ზაქრო შაქარაშვილი ტრაგედიის დროს მთვრალი იყო. ახლობლები ამბობენ, რომ ის მეოჯახე კაცი იყო, მაგრამ რთული სიმთვრალე ჰქონდა. ვარაუდობენ, მამა-შვილს შორის კონფლიქტი სწორედ ამ მიზეზით მოხდა. მოზარდის დამ ნინო შაქარაშვილმა ტრაგედიის დღეს ივარაუდა, – ჯერ მამამ მოიკლა თავი, ეს რომ ჩემმა ძმამ დაინახა, შეშინდა და ამიტომ გადახტაო, თუმცა ამ ვერსიას ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ სამართალდამცავები“, – წერს გამოცემა.
მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემა არ ჰქონდა. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი მუშაობდა და სერიოზული კონფლიქტებიც არასდროს ჰქონიათ. მომხდარით შეძრული ოჯახის მეზობლები და ახლობლები ტრაგედიის მიზეზს ვერ ხსნიან.
„ჯერ მდგომარეობიდან ვერ გამოვსულვარ. ყველანი შოკში ვართ. არ ვიცით, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. ბიჭი ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ვიდრე პატარა იყო, ბავშვებთან ერთად სულ ეზოში თამაშობდა, მერე წიგნებით დაინტერესდა, ბევრს კითხულობდა და ეზოში იშვიათად ვხედავდით. მე პედაგოგი ვარ, ჩემთან ბევრჯერ ჩამოსულა წიგნების სათხოვნელად, მერე თავისი ბიბლიოთეკაც გაამდიდრა. ძალიან განათლებული ბავშვია. კარგ ოჯახში გაიზარდა. ვერც ერთი ადამიანი უარყოფითს ამ ბავშვზე ვერ გეტყვით. კულტურული, წესიერი ბიჭია, საოცარი იუმორის გრძნობით… როგორც გავარკვიე, არც სკოლაში ჰქონია პრობლემა, თვითმკვლელობა რატომ სცადა, არ ვიცით. ის მეტად კომუნიკაბელური მოზარდია, სხვა ბევრი მისი თანატოლისგან განსხვავებით არასდროს ყოფილი გულჩათხრობილი და ჩაკეტილი. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. მშრომელი, პატიოსანი. ეს დღეებია სულ იმას ვფიქრობ, ეს რატომ ჩაიდინა. მამამისის სიკვდილი გასაგებია, ბუნებრივია, რომ დაინახა შვილი მე-8 სართულიდან როგორ გადახტა, ამას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. ამ დღის გახსენება არ მინდა. საშინელი ტკივილია… ათასი ჭორი გაავრცელეს, როგორ შეიძლება, ბავშვს ტყუილები ასე უნამუსოდ მიაწერო, ეს ხომ საშინელი ცოდვაა“, – ამბობს ქეთინო, შაქარაშვილების მეზობელი.
მზია, ფაქტის თვითმხილველი კი ამბობს, რომ ყურმოკრულიც კი არ ჰქონდა არასოდეს, რომ ამ ოჯახში რაიმე პრობლემა იყო.
„უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, პირდაპირ ვუყურებდი, ბავშვი ზევიდან როგორ მოფრინავდა და მანქანაზე როგორ დაეცა, მერე იქიდან ასფალტზე დასრიალდა. ეს სრული შოკი იყო. ყველანი მივცვივდით, ვიცანით ჩვენი კარგი ბიჭი, თავიდან ვერ მივხვდი, რომელი სართულიდან გადმოვარდა. ეს საშინელი სურათი რომ დავინახე, ისტერიულად ვკიოდი, ახლოს ვერ გავეკარე. ყველას ვთხოვდი დახმარებას. სასწრაფოც ძალიან მალე, ალბათ 3-4 წუთში მოვიდა. გონება დაკარგული ჰქონდა… ძალიან მოწესრიგებული, კულტურული ბავშვია. მთელი ოჯახი წესიერია, მშრომელი ხალხია. ყურმოკრულიც კი არ მქონდა არასოდეს, რომ ამ ოჯახში რაიმე პრობლემა იყო. არავინ იცის, იქ რა მოხდა. სახლში მხოლოდ მამა-შვილი ყოფილა, მათ შორის რა მოხდა, არ ვიცით“, – ამბობს თვითმხილველი.
მოზარდი ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს. სკოლის დირექტორი ნუნუ ბეიტრიშვილი მოზარდს დადებითად ახასიათებს.
„ძალიან ნაკითხი ბავშვია. განსაკუთრებული მიდრეკილება ჰუმანიტარული საგნებისკენ აქვს. ენებიც კარგად იცის, მომხდარით შეძრულები ვართ. ოჯახი გაუბედურდა და ამას ძალიან განვიცდით. შაბათს სკოლაში იყო ჩვეულებრივ, საღამოს საათებში დატრიალდა ეს საშინლება. არანაირი პრობლემა სკოლაში არ ჰქონია. ვიცით, რომ ჰყავდა მზრუნველი მშობლები. შვილი კარგ სკოლაში დაჰყავდათ, მისი განათლებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. მასაც სულ წიგნით ხელში ნახავდით. დედამისი ხშირად მოდიოდა. კითხვაა მისი ჰობი, მშვიდი და მეგობრული ბიჭია. ექიმები ფიქრობენ, რომ გადარჩება და ეს მაიმედებს. თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, თავი არ აქვს დაზიანებული. ხერხემალიც მთელია, ნეკნები და მენჯის ძვალი აქვს მოტეხილი. თურმე ფეხებიც აამოძრავა. დიდი ხანი კი მოუწევს რეაბილიტაცია, მაგრამ გადარჩებაო, – ამბობენ ექიმები. როგორც ჩანს, გვერდულად დაეცა მანქანაზე და ამან იხსნა შინაგანი ორგანოები დაზიანებისგან. იმედია ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს დირექტორი.
ზაქრო შაქარაშვილის ცხედარი პროზექტურიდან კასპის რაიონის სოფელ დოესში გადაასვენეს. მას მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ. სანადირო თოფი, რითაც თავი მოიკლა, მას გაფორმებული ჰქონდა, რადგან ნადირობა ძალიან უყვარდა. 18 აპრილს, საღამოს, მუხიანში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე -თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ტრაგედიის მიზეზს სამართალდამცავები იკვლევენ.