გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას სახელმწიფო ხვნის პროცესში ეხმარება

  „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები შიდა ქართლის რეგიონში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე 15-მდე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში ხვნის სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ადგილზე გაეცნენ.
,,სახელმწიფოს დახმარება ახლა ყველაზე მეტად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს სჭირდებათ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თებერვლიდან საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო, რომელიც ორიენტირებულია მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში – ხვნის პროცესში ეხმარება ფერმერებს. პროგრამის ფარგლებში, წელს დახმარებას 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.
გამყოფი ხაზის მიმდებარე 15-მდე სოფელში – არბო, ნიქოზი, ტყვიავი, შავშვები, ავლევი, დვანი, დირბი და ა.შ ხვნის სამუშაოებს მხოლოდ სახელმწიფო შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ არბოში წელს 77 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. ხვნის ბარათი 75 ფერმერმა მიიღო, ხოლო „აგრო ბარათი“ 115-მა.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს შიდა ქართლის რეგიონის 73513 ფერმერი ისარგებლებს. სასოფლო – სამეურნეო, ხვნის ბარათი 48840 ბენეფიციარს დაურიგდა (ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით). „აგრო ბარათზე“ კი დარიცხული იქნება 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (1 ლარი 1 ქულა). ასევე დაიწყო პლასტიკური „აგრო ბარათების“ დარიგება „ლიბერთი“ ბანკის ფილიალებში – იმ რეგიონებში, სადაც სასოფლო–სამეურნეო ხვნის ბარათები ფერმერებს უკვე გადაეცათ. „ლიბერთი“ ბანკის ფილიალებში პლასტიკური „აგრო ბარათების“ აღება ბენეფიციარებს ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ. „აგრო ბარათი“ ფერმერს გაუმარტივებს ურთიერთობას სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელ მაღაზიებთან. პროექტის ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქტი (სასუქი, სათესლე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მაღაზიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები