გაზსაცავში, რომლის მშენებლობაც მომავალ წელს დაიწყება, წლიური მოხმარების 15%-ის დარეზერვება გახდება შესაძლებელი
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის აშენება 2016 წლიდან დაიგეგმა. ჯერჯერობით ტენდერი მხოლოდ ტექნიკური დასაბუთების მომზადებაზე მიმდინარეობს. გაზსაცავის აშენებისთვის ფინანსური წყარო ჯერ მოძიებული არ არის. ამის შესახებ სტატიას გაზეთი ,,რეზონანსი“ აქვეყნებს.
,,ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტუქტურაა. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ იქ 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ია“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გაზსაცავის არსებობა ქვეყანას სერიოზულ პრობლემას თავიდან აარიდებს.
,,იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის გაზსაცავის არსებობა უმნიშვნელოვანესია. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა თავიდან აირიდებს პრობლემას, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაზის მიწოდების გაუთვალისწინებელ შეწყვეტას“, – წერს გაზეთი.