დავით თევზაძე: ალასანია “ნაციონალებთან” დასაახლოებლად ხიდებს აგებს
,,ირაკლი ალასანია, როგორც პოლიტიკოსი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოვიდეს“, – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ყოფილი თავდაცვის მინისტრი კოლეგას აკრიტიკებს და პოლიტიკურ ნაბიჯებს უწუნებს. დავით თევზაძის განცხადებით, მისი კოლეგა ირაკლი ალასანია ცდილობს, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს და ამიტომაცაა, რომ ხშირად ხმაურიან განცხადებებს აკეთებს. თევზაძე ირაკლი ალასანიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ,,ნაციონალები“ ქვეყნისთვის დასაკარგი ხალხი არ არის. ექსმინისტრის მოსაზრებით, ირაკლი ალასანია ცდილობს, ,,ნაციონალებთან“ დასაახლოებლად გზები გამონახოს.
“ირაკლი ალასანია, როგორც პოლიტიკოსი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოვიდეს. რეალურად, დღეს ალასანიას პოლიტიკური ურთიერთობა არავისთან აქვს და, ბუნებრივია, ცდილობს, ,,ნაციონალებთან“ დასაახლოებლად გზები გამოძებნოს და სათანამშრომლო ხიდს აგებს ყოფილ მოწინააღმდეგეებთან“, – აცხადებს თევზაძე.
რაც შეეხებათ ,,ნაციონალებს“, თევზაძის შეფასებით, ისინი თავიანთ ოპოზიციურ ფლანგზე მყარად დგანან და ოპოზიციონერობა კარგად გამოსდით. მისივე თქმით, ალასაინას მსგავსად, დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ისაუბრონ მასზე და ამას მშვენივრად ახერხებენ“, – აცხადებს დავით თევზაძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში .