“კახაბერ ნაკანმა 26 მაისის დარბევაში შეტანილი “წვლილისთვის“ 13 ათასი ლარი აიღო”

კახაბერ ნაკანმა 26 მაისის დარბევაში შეტანილი განსაკუთრებული ,,წვლილისთვის“ 13 ათასი ლარი პრემია მიიღო – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს. გამოცემის ცნობით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი დარბევის დროს დაშავდა პოლიტიკოსი გია მაისაშვილი, რომელსაც თავში პლასტმასის ტყვიები ესროლეს და შედეგად ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა. „2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მას გამოჩენილი „გმირობისთვის“ ვანო მერაბიშვილისგან მიღებული აქვს 8 ათასი ლარი პრემია და საჩუქრად „ჩზ“-ს ტიპის იარაღი. 2009 წლის აქციებში მომიტინგეების გატაცებების, 15 ივნისის მიტინგის სასტიკად დარბევის გამო მიღებული აქვს პრემია 15 ათასი ლარი.
თბილისის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს, როდესაც „უცნობი“ (გია გაჩეჩილაძე) პოლიციის შენობის ეზოში გადახტა, ნაკანი და მისი სპეცრაზმელები პოლიტიკოსებს თავში პლასტმასის ტყვიებს ესროდნენ, რა დროსაც პოლიტიკოსები მძიმედ დაშავდნენ. სწორედ ამ დროს დაშავდა გია მაისააშვილიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გადაიტანა“,- წერს გაზეთი. გაზეთის ცნობითვე, ამასთან, 2011 წლის 26 მაისის დარბევაში შეტანილი განსაკუთრებული „წვლილისთვის“ ნაკანმა მიიღო პრემია 13 ათასი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ყოველი აქციის დარბევის შემდეგ მას რეგულარულად გზავნიდნენ დასასვენებლად საფრანგეთში და ესპანეთის კურორტებზე.
„მოკლედ, ნაკანი წინა ხელისუფლების „ლუბიმჩიკი“ იყო, მანქანით ქალაქის ქუჩებში ხშირად მთვრალი დადიოდა და კაციშვილი ხმას ვერ სცემდა. წესით, ახლა ისეთ გულჩვილობას, რაც ციხეში გააკეთა, არ უნდა იჩენდეს, მაგრამ, ეტყობა, „უცნობისა“ და გია მაისაშვილის ცოდვებმა შეაწუხა, პირველი გულით დაავადდა, სულ ცოტა ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია, ხოლო მეორეს, მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველოსთან პლასტმასის ტყვიები ესროლეს თავში, ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა“,- წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები