„ადამიანი ირწმუნებოდა, რომ გარდაცვლილი სასუნთქ აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და დაზღვევიდან თანხებს იღებდნენ“

„ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე საყოველთაო დაზღვევის პრობლემეზე საუბრობს. ბურჯანაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვუში აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიები და ჯანდაცვის სამინისტრო კორუფციული მექანიზმით მუშაობენ. ბურჯანაძე ინგოროყვას კლინიკაში მომხდარ შემთხვევას იხსენებს. მისი თქმით, პაციენტის მკურნალობის ხარჯებში მითითებული არაპირდაპირი ხარჯები მთლიანი დანახარჯის 45%-ს შეადგენს, ხოლო ცნობილი არ არის რაში და რა მიზნით დაიხარჯა ეს თანხა.
„აბსოლუტურად ყველა სამედიცნო დაწესებულებაში „არაპირდაპირი ხარჯის“ მითითება, როგორც წესი, სწორედ ამ ფორმატით არის მოხსენიებული და არავინ ამბობს, რაში იხარჯება ეს თანხა. რადგან „არაპირდაპირი ხარჯის“ ახსნა-განმარტება და მისი დეტალური გაშიფვრა დახურულია, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა კორუფციული მექანიზმის არსებობაზე… ზოგადად, როდესაც პაციენტი შედის დაზღვევით, ნებისმიერი სამედიცინო კლინიკა ცდილობს, ის მაქსიმალური დროით დატოვოს სამკურნალოდ, რომ ბოლომდე ამოქაჩოს მის სადაზღვევო ბარათზე არსებული ფინანსური რესურსი, რაც ამ კონკრეტულ პაციენტს გააჩნია“, – აცხადებს გია ბურჯანაძე. „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი ღუდუშაურის კლინიკის მისამართით გამოთქმულ ეჭვსაც იხსენებს. „ღუდუშაურის კლინიკაში გვქონდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანი ირწმუნებოდა, რომ მისი ოჯახის წევრი გარდაცვლილი იყო და მაინც ჰყავდათ შეერთებული სასუნთქ აპარატზე და საყოველთაო დაზღვევიდან თანხებს იღებდნენ“, – იხსენებს ბურჯანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები