მანავში, რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მანავში, რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და სწავლების წარმატებით გავლა უსურვა.
ცერემონიალის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს. მზვერავის მომზადების კურსი J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების ძალების ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო შესაძლებლობების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმართება. კურსი ერთიანი სტანდარტით მზვერავების ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომზადებას ისახავს მიზნად, რაც სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას მოთხოვნების შესაბამისად და ერთიანი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დანერგვას უზრუნველყოფს. სწავლებაში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ბრიგადების, ეროვნული გვარდიისა და ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო დანაყოფების მზვერავები მონაწილეობენ. 18-კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამხედრო მზვერავები ტოპოგრაფიას, დაზვერვის წარმოებას, სპეციალურ ტაქტიკას, საინჟინრო საქმეს, თვითგადარჩენასა და სხვა სპეციფიკურ საკითხებს შეისწავლიან. გასულ წელს მზვერავის მომზადების კურსის 2 ეტაპად ჩატარების შედეგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 150-მდე სერტიფიცირებული მზვერავი შეემატა. წლის ბოლომდე 200 სამხედრო მოსამსახურის მომზადება და სერტიფიცირება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები