გოგი თოფაძე “ევრონიუსზე” საქართველოს ეკონომიკაზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება – ქვეყნის ეკონომიკა 2 წელიწადში ვერ აშენდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე “ევრონიუსზე” გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და ლარის დევალვაციას ეხებოდა. თოფაძის განცხადებით, დღეს ბიზნესს არავინ აყაჩაღებს, რის შედეგადაც ინვესტორების რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ წინსვლას, “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ის განმარტავს, რომ ყველაფერს დრო სჭირდება და 2 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა ვერ აშენდება.
“ციფრები და სტატისტიკა განსხვავებულ პროცესზე მიანიშნებენ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ლარის გაუფასურებაც. “ევრონიუსზეც” მომზადდა სიუჟეტი, რომ ქართულ ეკონომიკაში სტაგნაციაა.
– დოლარის გამყარება გლობალური პროცესია. საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში სტაგნაციაა, ნახეთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ევროპულ სახელმწიფოებში. ევროც დოლარს თითქმის გაუტოლდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ეკონომიკა მაინც წინ მიდის… ბიზნესმენს არავინ აყაჩაღებს, რაც ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი სტიმულია. ინვესტორების რაოდენობაც მატულობს, რომელთაც პირადადაც ვხვდები. მაგალითად, დაღესტნელ და გერმანელ ბიზნესმენებს შევხვდი, რომლებსაც საქართველოში ფულის ჩადების სურვილი აქვთ. ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ეკონომიკა ორ წელიწადში არ შენდება, ამას რუტინული შრომა სჭირდება, ამ მიმართულებით ხელისუფლების გეგმებზე ვიცი და დარწმუნებული ვარ, წინსვლას მალე თითოეული მოსახლე იგრძნობს. ერთი ქვეყანა მითხარით, სადაც მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლებით კმაყოფილია, ობამასა და მერკელსაც ლანძღავენ და ეს ბუნებრივი პროცესია. ერთბაშად ყველას სურვილის დაკმაყოფილება რთულია”, – აცხადებს თოფაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.