ავღანეთიდან 51-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ჩამოვიდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 150 ქართველ სამხედროს სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი და V ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე, მაიორი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ ქართველ სამშვიდობოებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 6 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 51-ე ბატალიონის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. რამდენიმე დღეში 51-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა სამშობლოში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები