ნიკოლოზ მჟავანაძე “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებს ასაჯაროვებს: ხელისუფლების დამხობას რევოლუციით გეგმავენ
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტული აქციების გამართვას და ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობას გეგმავს. ამასთან, მჟავანაძის განმარტებითვე „ნაციონალები“ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან და მალე, ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე 10 მილიონი დოლარი ჩაირიცხება.
„ჩვენს ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მაისში „ნაციონალების“ მხრიდან ხელისუფლების დასამხობად და რევოლუციური გზით შესაცვლელად პერმანენტული აქციების დაწყებას უნდა ველოდოთ. აქტიურად იქნება გამოყენებული ის სქემა, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს იქნა გამოყენებული, როცა გადამწყვეტი როლი მაშინდელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „კმარამ“ ითამაშა. საამისოდ, უკვე, თვალშისაცემად მომრავლებულია სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაცია. ამ ბოლო დროს, საქართველოში, უკვე ასეთი 40 ორგანიზაცია შეიქმნა და, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სულ მალე სხვადასხვა ფონდებიდან, ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე 10 მილიონი დოლარი უნდა ჩაირიცხოს. სინამდვილეში კი ეს ორგანიზაციები „ნაციონალების“ სილუეტები არიან“, – განაცხადა მჟავანაძემ გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.
ნიკოლოზ მჟავანაძე იმასაც აცხადებს, რომ „ნაციონალები“ უკან დახევას არ აპირებენ და სხვადასხვა უწყებებში მათი მხრიდან, მივარდნებიც კი ხდება. „აქციაზე თვითონ „ნაციონალებმა“ თქვეს, რომ უკან არ დავიხევთ, მთავრობას გადავაყენებთ და აქციები პერმანენტული გახდებაო. არაერთი განცხადება გაკეთდა იმაზე, რომ უკრაინიდანაც ჩამოსულები იყვნენ მიშას მომხრე ქართველი ჯარისკაცები და არეულობას აპირებდნენ. ეს გეგმა რომ ჩაუვარდათ და ხელახლა ეს რომ არ განმეორდეს, გადაწყვიტეს, რომ რადგანაც ერთჯერადი 50-100 ლარი არ შველის საქმეს, ამიტომ ამ ხალხს არასამთავროებში აწევრიანებენ და ხელფასს ოფიციალურად დაუნიშნავენ. თქვენ ხედავთ, რომ „ნაციონალების“ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან გააქტიურდნენ და სხვადასხვა უწყებაში მივარდნებიც კი ხდება“, – აღნიშნა მჟავანაძემ.