“საქართველოში რელიგიური დაპირისპირების მოსაწყობად სამი კერა უკვე მზად არის”
„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ პრეზიდენტის განცხადებით, პანკისში არსებული არეულობის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გასაკვირია, რადგან ის ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. ზაალ კასრელიშვილი აღნიშნულით პანკისში განვითარებულ მოვლენებს გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა.
კასრელიშვილი ფიქრობს, რომ რეგიონებს ხელისუფლება სათანადოდ ვერ აკონტროლებს.
„რაც პანკისში ხდება, ჩვენთვის უცხო არ არის. ჩვენთვის ხელისუფლების დამოკიდებულებაა გასაკვირი. ვერ ვხვდები, ხელისუფლება ასე მშვიდად რატომ უყურებს საქართველოს რეგიონებში არეულობას. ეს რეგიონებია პანკისი, აჭარა და ქვემო ქართლი. იქ ძალიან ცუდი პროცესები მიმდინარეობს. ამ რეგიონებზე ხელისუფლება კონტროლს სათანადოდ ვერ ახორციელებს“, – აცხადებს კასრელიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოში რელიგიური დაპირისპირების მოსაწყობად სამი კერა უკვე მზად არის.
„დღეს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევა, ტერორიზმი და რელიგიური დაპირისპირებაა სენსორული. რელიგიური დაპირისპირების მოსაწყობად საქართველოში სამი კერა უკვე მზად არის. ეს არის პანკისი აჭარა და ქვემო ქართლი. ხელისუფლებამ თუ ასე გააგრძელა, რელიგიურ დაპირისპირებას ვერ გადავურჩებით. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, სუნიტი გაიმარჯვებს, შიიტი თუ ვაჰაბიტი, მთავარია, რომ კონფლიქტი იქნება, რომელზეც მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. ხელისუფლებამ თუ მოინდომა, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. სანამ ეთნორეგიონალური პოლიტიკა არ შემუშავდება, არაფერი გამოვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში რელიგიური დაპირისპირება მწვავდება“, – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.