მუსლიმ კუშტანაშვილის მეგობარი: ის სირიაში ფინანსური დაინტერესების გამო არ წასულა

 სირიაში წასული 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის მეგობრის ბექა უმარაშვილის განცხადებით, პანკისიდან წასული ახალგაზრდების სირიაში წასვლის სურვილი ღმერთის გზაზე დადგომა იყო. როგორც ბექა უმარაშვილმა გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა, მუსლიმ კუშტანაშვილი სირიაში ფინანსური დაინტერესების გამო არ წასულა. მისი თქმით, მუსლიმ კუშტანაშვილი ბოლო პერიოდში უყურებდა ვიდეოფირებს, რომელშიც აღბეჭდილი იყო როგორ ხოცავენ რადიკალური ისლამისტები არაეთნიკური რასის წარმომადგენლებს. „მუსლიმ კუშტანაშვილს ჩემთვის პირადად არ განუცხადებია, რომ სირიაში წასვლას აპირებდა. არავის უმხელდა, როგორც ჩანს, დიდი ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება. ალბათ გაფრთხილებულები იყვნენ, რომ არაფერი ეთქვათ. ისინი ალბათ აპირებდნენ წასვლას არა იმიტომ, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, არამედ ღმერთის გზას რომ დასდგომოდნენ. ეს უნდა იყოს ტრეფიკინგი, ეს ნამდვილად ტრეფიკინგია“, – აცხადებს უმარაშვილი. მისივე ინფორმაციით, ცნობილია, რომ ისინი უყურებდნენ ვიდეოფირებს, რომელშიც აღბეჭდილი იყო, როგორ ხოცავენ რადიკალური ისლამისტები არაეთნიკური რასის წარმომადგენლებს. „როცა საუბარი ჩამოვარდებოდა, ამბობდნენ, რომ არანაირი განსხვავება არ არის სად წახვალ, მთავარია შენ დაადგე ღმერთის გზასო. ეს არ არის საქართველოს ომი, სხვის ომშია გაპარული და იქ იბრძვის. როგორც პანკისის ხეობის წარმომადგენლები ამბობენ, შესაძლოა არსებობდეს ფიგურა, მოქმედი პიროვნება, რომელიც უცხოეთიდან იღებს თანხას და ამ თანხას იყენებს მოზარდების საბუთების მოსაწესრიგებლად, რომ მათ საზღვარი გადაკვეთონ“, – განაცხადა უმარაშვილმა. სირიაში საომრად პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან 2 აპრილს 16 და 18 წლის ახალგაზრდები წავიდნენ. მოგვიანებით კი ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები საბრძოლო საქმეში ჩართულები ჯერ არ არიან და მათ ოჯახში დაბრუნება სურთ. პანკისიდან გაუჩინარებული ბავშვების შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფოტო გაავრცელა, სადაც ახალგაზრდები ისლამური დროშის ფონზე არიან გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები