დავით ჯალაღანია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს (HCNM) ასტრიდ თორსს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში (14-17 აპრილი) უმაღლესი კომისარი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს. ასტრიდ თორსი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს ცხინვალის და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებთან და მოინახულებს იძულებით ადგილნაცვალ პირთა კომპაქტურ დასახლებებს.