დავით დარჩიაშვილი: არასოდეს არ იქნება დევნა გამოცხადებული სააკაშვილზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ამოღების ფაქტს ეხმაურება. დარჩიაშვილის შეფასებით, ინტერპოლის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.
“როგორც ადეიშვილის, ისე ყველა გახმაურებული საქმის ირგვლივ ხელისუფლების ქმედებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას. მსოფლიო მასშტაბით ამის გაცნობიერების დასაწყისია, შესაბამისად, როგორც ადეიშვილზე მოიხსნა დევნა, ისევე არასოდეს არ იქნება დევნა გამოცხადებული სააკაშვილზე და ყველა ის საქმე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ეს არის დამანგრეველი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამდე ქვეყნის პრესტიჟისათვის“, – აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია. იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედში” უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები