“ქართული მართლმსაჯულების ინტერესები გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწირება”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ინტერპოლის მიერ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“იკვეთება ასეთი ტენდენცია, რომ გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწირება ქართული მართლმსაჯულების ინტერესები, ეს აშკარად ჩანს იგივე მიხეილ სააკაშვილის მაგალითის ძალით. ამიტომაც ჩვენ ალბათ მოგვიწევს ცუდი, მაგრამ ობიექტური რეალობისთვის თვალის გასწორება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს.
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედში” უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები