კრწანისში სამეთაურო-საშტაბო სწავლება JCATS-ის გამოყენებით მიმდინარეობს
ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება JCATS-ის გამოყენებით მიმდინარეობს. დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსი სწავლების მიმდინარეობის პროცესს, შტაბების მუშაობას გაეცნო და მონაწილეებს რეკომენდაციები მისცა.
სამინისტროს ცნობით, ერთკვირიანი სწავლება გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორგანიზებით ტარდება და სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების მოქმედებების დახვეწას ისახავს მიზნად.
„სწავლება გასულ კვირას დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე დაგეგმარების სამუშაოები შესრულდა. მეორე ეტაპი საბრძოლო მოქმედებების გათამაშებას ანუ აღსრულების ფაზას მოიცავს, რაც ძირითადად კომპიუტერული სიმულატორების მეშვეობით ხორციელდება.
გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკის სიმულაციური სისტემის გამოყენებით სამეთაურო საშტაბო სწავლებაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. სწავლების დასასრულს, მართვისა და კონტროლის შეფასება, საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირება და ზემდგომ და მეზობელ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის შეფასება მოხდება.
აღნიშნული სწავლება „დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს. სწავლების მიმდინარეობის პროცესს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა დაესწრნენ“, – განმარტავენ სამინისტროში.