ქართული ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში უკვე ჩავიდა. ოპერაციის რაიონის გადაბარემდე, ბატალიონის პირადი შემადგენლობა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გადის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცებს შემაჯამებელი წვრთნები ისეთ საკითხებში უტარდებათ, როგორიცაა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწინააღმდეგო მოქმედებები, რელიგიური თავისებურებები, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენება, უსაფრთხოება და ბრძოლაში ჩართვის წესები.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში, ფარვანის პროვინციაში აშშ-ის არმიის დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად იმსახურებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
უწყების ცნობით, ნატოს ეგიდით მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ბატალიონი სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად მომზადდა: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები