ინტერვიუ პოლიციელების მკვლელობისთვის ძებნილთან: კრიმინალი დავხვეწე…

პოლიციელების მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 36 წლის ბორჯომელი შალვა აბულაძე, ზედმეტსახელად შალალო, გაზეთ „ბორჯომთან“ ინტერვიუში, რომელიც მან ერთი წლის წინ მისცა, აცხადებს, რომ ციხეში გატარებული წლები დაეხმარა ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვაში და მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა.
„ყველა ისე რომ გვიყურებდეს, როგორებიც რეალობაში ვართ, მაშინ სამყარო იდილიურად და ჰარმონიულად იქნებოდა მოწყობილი. ამ სამყაროში ბოროტი ძალების არსებობაც აუცილებელია. სიკეთე იმიტომ არის სიკეთე, რომ ჩვენ სულ წინააღმდეგობაში მოვდივართ მასთან, ბრძოლა გვიწევს. ის, რომ შენში რევოლუცია მოახდინო და ახალი ადამიანი აღმოაჩინო, ამისთვის საკუთარ თავთან გიწევს ბევრი მუშაობა“, – ამბობს შალვა აბულაძე. აბულაძე შესაძლებლად მიიჩნევს ადამიანის გარდაქმნას და ამის მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავს. მისი აზრით, ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე ეტაპი, როდესაც იზრდება პასუხისმგებლობა, ვალდებულებები და ამის მიხედვით ირჩევს ადამიანი, რომელ სოციუმს მიეკედლოს. შალვა აბულაძის შემთხვევაში კი ეს ცვლილება ციხეში გატარებულმა პერიოდმა განაპირობა.
„ერთი თავზე ხელაღებული ბიჭი ვიყავი. რეალობას, რომელსაც ვქმნიდი, მომწონდა და ჩემს თავს მხოლოდ ასეთად ვხედავდი. კრიმინალი დავხვეწე და დავიყვანე შემოქმედებით დონეზე. მქონდა ჩემი შინაგანაწესები, ქუჩის ბიჭების იდეოლოგიას არ ჰგავდა ჩემი ცხოვრების სტილი, ჩაცმის სტილი, ინტელექტი. სინანულამდე მიდიხარ მაშინ, როცა ხვდები, რომ ღმერთმა ბევრი გაპატია. როცა ხარ ძალიან დიდი ცოდვილი. მერე ამ ცოდვებისგან მძიმდები და ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ მსუბუქდები. ჩემი ფერისცვალება გამოიწვია რამ? მყავდა ძალიან ბევრი მტერი, ადამიანები თავიანთი ცუდი საქციელით გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ,“ – აცხადებს ინტერვიუში შალვა აბულაძე.
როგორც ის ყვება, ციხეში 13-14 საათს კითხვაში ატარებდა. ციხიდან გამოსულმა თავისი ოთახი საკნის სტილში მოაწყო. ამას კი იმით განმარტავს, რომ ყოველთვის ახსოვდეს ციხე, რათა ცდუნებებმა არ ჩაითრიოს. როგორ ამბობს, გასაჭირში სწორედ ცდუნებების გამო აღმოჩნდა.
„ქონება და ფული იყო  მიზნამდე მისაღწევი საშუალება და არა მიზანი. მთელი ცხოვრება ვცდილობ, ფული იყოს ჩემთვის საშუალება და არა მიზანი. როცა ვარ თბილისში, მე დავდივარ მეტროთი, სამარშრუტო ტაქსით, რადგან გავიგო, რა უჭირს ხალხს. თუ მე ჯიპით ზემოდან გადავხედავ მათ, მე ვერ გავიგებ მათი პულსის მაჯისცემას. როცა კარგად ხარ, არ გშია, გგონია, რომ ყველა ასეა. მეც მქონდა ფუფუნებისკენ მიდრეკილება, ფულს ვშოულობდი, დიდი გავლენა მქონდა და ამ ყველაფერს ბოროტად ვიყენებდი. რვა წელი ვიყავი დევნაში, განსაცდელში, მავიწროებდნენ დაკეტილ კარებში, სადაც იყვნენ ჩემი მტრები, მე ვიყავი ერთი, ისინი ბევრნი. თვითგადარჩენის ინსტიქტი 24 საათი ჩართული მქონდა. ის რეალობა იყო საჭირო, ალბათ, რომ გავძლიერებულიყავი. არასდროს ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი“, – ამბობს იგი.
როგორც აბულაძის ნაამბობიდან ირკვევა, მას ახალგაზრდებთან ურთიერთობა სიამოვნებს. რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებისთვის მართავდა კონკურსს ქართულ წერაში და გამარჯვებულს სტიპენდიას უნიშნავდა. მისი ინიციატივით გაიმართა ასევე აქცია „ერთად გადავარჩინოთ ბორჯომის ბუნება“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ნერგები დარგეს.
„მიწა გაძლევს სერიოზულ ენერგიას, გაკეთილშობილებს და ამ დროს იცი, რომ შენ აკეთებ სიკეთეს. ბავშვები თუ გინდა გაზარდო, ისინი ჯერ სიკეთის კეთებას უნდა მიაჩვიო. ადვილად მიღწევადი არაფერი უნდა იყოს ადამიანისთვის. გზა, რომელსაც ისინი ახლა გადიან, მე უკვე გავლილი მაქვს და მინდა, ისინი შეცდომებისგან დავაზღვიო. დღეს, XXI საუკუნის ენა კომუნიკაციის ენაა. სიყვარულია გადამრჩენელი! სწორი მაგალითი უნდა მივცეთ და გული გაუთბებათ. უყვარდეთ მოყვასი, როგორც თავი თვისი. ადამიანის დანიშნულებაა, უყვარდეს ადამიანი!“ – ამბობს აბულაძე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილთან”, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინონ სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე, უწყება საზოგადოებას სთხოვს, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკონ „ცხელი ხაზზე“ (2 405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის 05 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, ეს უკანასკნელი შემჩნეულ იქნა თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შალვა აბულაძე 2015 წლის 23 იანვარს, ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები