რაიან გრისტი: სააკაშვილმა მითხრა, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო

ბრიტანეთის არმიის კაპიტანი, დიპლომატიური მისიების ვეტერანი და სააკაშვილის მიერ რუსეთის ჯაშუშად შერაცხილი რაიან გრისტი ის ადამიანია, ვისმა სიტყვებმაც განსაზღვრა დასავლეთის შეფასება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს, ქართული მხარის საპასუხო რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციული იყო”, – განუცხადა 2011 წელს Wall Street Journal-ს რაიან გრისტმა, რომელიც ომის პერიოდში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 2008 წელს მას ეს სიტყვები და თვითნებური გამგზავრება ცხინვალში ეუთოში სამსახურის ფასად დაუჯდა. თუმცა, 2012 წელს გრისტი ქართულ “დიდ ავიაციაში” დაბრუნდა – ამჯერად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე (რომელიც ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა).
“ეს იყო აბსოლუტური კრახი”, – ასე შეაფასა ეუთოს, როგორც დამკვირვებლის, საქმიანობა გრისტმა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან უცხოელთაგან, ვინც დასავლელი დიპლომატების გაკრიტიკებასაც არ მოერიდა. მეტიც, როგორც აღნიშნა, სულ მალე მოგონებების წიგნად გამოცემასაც აპირებს. რაიან გრისტი “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს. ინტერვიუს ერთ ნაწილში რაიან გრისტი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შემთხვევით შეხვედრას იხსენებს.
“ის საკმაოდ გაუწონასწორებელი ტიპია და მისი რეაქციაც სწორედ ასეთი იყო. გეტყვით, რა და როგორ მოხდა: წელს, ზამთარში, სტამბოლის აეროპორტში ვიჯექი და ჩემს ფრენას ველოდებოდი, როდესაც სააკაშვილი ზუსტად ჩემ გვერდით მაგიდას მიუჯდა. ავიხედე და, აჰ, ამას ხომ ვიცნობ-მეთქი! კომპიუტერი დავხურე, გვერდით მივუჯექი და ვუთხარი: “სალამი, პრეზიდენტი სააკაშვილი ხართ, არა?” ძალიან გაუხარდა, რომ იცნეს. გულწრფელად ვუთხარი, რომ მან და მისმა პარტიამ ბევრი კარგი გააკეთეს საქართველოსთვის, მაგრამ 2008 წლის ომი სრული სიგიჟე იყო. სანამ რამეს მიპასუხებდა, ვუთხარი, ვინც ვიყავი. სახელი წამიერად ეცნო და მერე ჩვენი საუბარი უკვე სხვაგვარად წარიმართა. ძალიან გაღიზიანდა და ჩვეული ეპითეტით შემამკო, რუსეთის ჯაშუში ხარ, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო! არადა, არა მგონია, ეს მე მექნა. მერე უკვე ხმას აუწია და ხალხმა ყურადღება მოგვაქცია.
საბედნიეროდ, თემურ იაკობაშვილი გამოჩნდა, სააკაშვილი ადგა და დემონსტრაციულად გავიდა, მე და თემურმა კი, როგორც ძველმა კოლეგებმა, კიდევ ცოტა ხანი ვისაუბრეთ. მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთი რამის თქმა ვერ მოვასწარი: იმიტომ მივედი და მივესალმე, რომ ვიმედოვნებდი, მისი ჩემეული აღქმა არასწორი იყო და არსებობდა რაციონალური მიზეზები, რაც ახსნიდა მის საქციელს 2008 წლის ომის დროს, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, უარესი შთაბეჭდილება დატოვა. არადა, ძალიან მინდოდა, მტყუანი აღმოვჩენილიყავი. ჩემი თავისთვის მეთქვა, ნახე, ცდებოდი, ნორმალური ტიპია, გონიერი-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. ამიტომ მგონია, რომ ასეთ ადამიანებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მან 2008 წლის ომის დროს მიიღო. მე ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვანი უცხოელი დიპლომატებიდან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული 2008 წლის ომში და ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას ახალგაზრდა ქართველი მეომრების ცხედრები, რომლებიც ცხინვალში ეყარა. დღემდე ვბრაზობ, ვერ გამიგია, რატომ უნდა დაღუპულიყვნენ ეს ახალგაზრდები ვიღაცების ბრიყვული გადაწყვეტილების გამო. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბრაზობენ თამარაშენის, ქურთას მკვიდრნი და კიდევ ბევრი სხვა“,-აცხადებს რაიან გრისტი.

წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები