სასულიერო პირის აღიარებითი ჩვენება – თვითმარქვია მღვდლების საქმის ახალი დეტალები
„ვათხოვე ჩემი საეკლესიო კაბა, რათა ის საელჩოში შესულიყო, როგორც სასულიერო პირი. გერმანიაში ჩასვლის შემდეგ უნდა გადმოერიცხა დაახლოებით 500-დან 1000 აშშ დოლარამდე, თუმცა აღნიშნული თანხა დღემდე არ მოუცია – გაზეთ „პრაიმ ტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ყალბი დოკუმენტაციის არაერთგზის დამზადების ფაქტზე ბრალი, შესაძლოა, მოქმედ სასულიერო პირსაც წაუყენონ, რომელიც ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარია. გაზეთი მის ვინაობას ანონიმურად ტოვებს. როგორც აღნიშნული სასულიერო პირი გამოცემასთან საუბრობს, მან გაყალბებული დოკუმენტაციის დამზადება-გაცემის გზით გერმანიაში არაერთი პირი გაამგზავრა.
„2003 წლიდან ვარ სასულიერო პირი… დაახლოებით 4 წლის წინათ მინდოდა გერმანიაში წასვლა მოსალოცად, ამიტომ მივმართე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, რათა მოეცა ცნობა იმის შესახებ, რომ მე ვარ სასულიერო პირი. როდესაც ეს ცნობა ავიღე, მივმართე გერმანიის საელჩოს, რათა ჩემთვის მოეცათ ვიზა. ვიზის მიღების შემდეგ ვიყავი გერმანიაში. კიდევ რამდენჯერმე ჩავედი გერმანიაში. ყოველი წასვლის წინ წერილობით მივმართავ მიქაელ ბოტკოველს, რომ ჩემზე გასცეს ცნობა. ამ ცნობის აღების შემდეგ მივმართავ გერმანიის საელჩოს, რომელიც ყოველთვის მაძლევს ვიზას. ვინაიდან ჩემს პასპორტში უკვე რამდენიმე ვიზა ფიქსირდება და არ მაქვს სავიზო რეჟიმის არც ერთი დარღვევა. გასული წლის სექტემბერში ჩემმა ბიძაშვილმა ირაკლი ც-მ მთხოვა, რომ დავხმარებოდი გერმანიაში გამგზავრებაში.
მას ვუთხარი, რომ ყალბ ცნობას დავუმზადებდი, თითქოს ის იყო რომელიმე ტაძრის წინამძღვარი და ჰქონდა ყოველთვიური შემოსავალი შემოწირულობის სახით. მან მითხრა, რომ ამ შემთხვევაში ჩემ მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა. ამის შემდეგ მე დავაქსეროქსე მიქაელ ბოტკოველის მიერ ჩემზე გაცემული ცნობის ბლანკი, მასზე მოვაწერე ხელი, დავარტყი ჩემი ბეჭედი და აღნიშნული ბლანკი გადავეცი ირაკლი ც-ს., რომელსაც ვუთხარი, რა შინაარსის ტექსტი უნდა დაებეჭდა ბლანკზე. ამის შემდეგ წავედი ბათუმში ოჯახთან ერთად, ირაკლიმ კი მიმართა გერმანიის საელჩოს, მიიღო ვიზა და ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. აღნიშნულის სანაცვლოდ მას ჩემტვის თანხა არ გადაუხდია. ოქტომბერში ვიყავი გერმანიაში და შევხვდი კიდეც მას. 2014 წლის დეკემბერში ასევე ჩემმა მრევლმა მიხეილ მ-მ მთხოვა დავხმარეოდი გერმანიაში წასვლაში. მე მასაც ანალოგიურად ვუთხარი ყალბი ცნობის შესახებ და აასევე გავაფრთხილე, რომ შესაძლოა, ამის გამო პრობლემები შეჰქმნოდა, რაზეც მან მითხრა, რომ ამ შემთხვევაში ჩემთან პრეტენზია არ ექნებოდა. მასაც იგივენაირად გადავეცი ეს ცნობა. მან ვიზა მიიღო და გერმანიაში ჩავიდა. ამა წლის ბოლოს კი 250 აშშ დოლარი გამომიგზავნა. ასევე გასული წლის ბოლოს ხაშურში შემხვდა ხაშურის მაცხოვრებელი გიორგი გ, რომელმაც მითხრა, რომ იცოდა ჩემი დახმარებით ზემოაღნიშნული პირების გერმანიაში გამგზავრების შესახებ. მთხოვა, მასაც დავხმარებოდი. ასევე ანალოგიურად გავაფრთხილე, რომ მისთვისაც უნდა მიმეცა ყალბი ცნობა, რაზეც ის დამთანხმდა.
ყალბი ბლანკის და დოკუმენტაციის დამზადების შემდეგ მას ვათხოვე ჩემი საეკლესიო კაბა, რათა ის საელჩოში შესულიყო. გერმანიის საელჩომ მას ვიზა მისცა და ის არ იმყოფება ამჟამად საქართველოში. მას ჩემთვის გერმანიაში ჩასვლის შემდეგ უნდა გადმოერიცხა 500-დან 1000 აშშ დოლარი. თუმცა, აღნიშნული თანხა დღემდე არ მოუცია.
2014 წლის დეკემბერში ასევე დახმარება მთხოვეს ხაშურის მაცხოვრებლებმა თამაზ ტაბატაძემ და ჯემალ ჭავჭავაძემ, რომელთაც სურდათ ანალოგიურად გერმანიაში გამგზავრება. მათაც იგივე განვუცხადე ყალბი დოკუმენტაციის შესახებ. ისინი ამაზე დამთანხმდნენ. ამის შემდეგ იანვარში გიორგი დიასამიძის, გოგიტა ბარბაქაძის, თამაზ ტაბატაძისა და ჯემალ ჭავჭავაძის სახელზე მიქაელ ბოტკოველის ბლანკის ასლზე ხაშურში მდებარე ერთ-ერთ კომპიუტერულ ოფისში დავბეჭდე ცნობები, რომ თითქოს ისინი არიან სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები და აქვთ ყოველთვიური შემოსავალი შემოწირულობის სახით, დაახლოებით, 900-დან 1300 ლარამდე. ყალბი დოკუმენტაციის მიხედვით, ისინი მიემგზავრებოდნენ მრევლთან შესახვედრად და არ იმყოფებოდნენ აკრძალვაში, ანუ ამაზე მათ კურთხევა ჰქონდათ.
ისინი შევიდნენ საელჩოში მოზრდილი წვერით, მაგრამ რამდენიმე დღეში მათ DHL-ის მეშვეობით მიიღეს თავიანთი პასპორტები, სადაც ფიქსირდებოდა, რომ უარი ეთქვათ შენგენის ვიზის მიღებაზე, ამის შემდეგ კი მივხვდი, რომ საელჩოში ეჭვი შეეპარათ ცნობების ნამდვილობაში და ჩემი ბეჭედი ღუმელში დავწვი. ზემოაღნიშნულ პიროვნებებს, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის საელჩო ვიზას მისცემდათ, გერმანიაში ჩასვლის შემდეგ ან მანამდე ჩემთვის უნდა გადაეხადათ გარკვეული თანხა, რომლის ოდენობაზე წინასწარ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში იქნებოდა დაახლოებით 500-დან 1000 აშშ დოლარი“, – ყვება გამოძიებისთვის მიცემულ აღიარებით ჩვენებაში მამა თომა.
გამოძიებამ დაჰკითხა პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველიც, რომელმაც დაადასტურა, რომ არც ერთ ზემოხსენებულ პირზე მას ცნობა არ გაუცია. ამჟამად თვითმარქვია მღვდლების საქმეზე ბრალი სულ ოთხ პირს აქვს წაყენებული, თუმცა, როგორც გითხარით, სამი მათგანი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ერთი კი წინასწარ პატიმრობაში რჩება. საქმეზე გამოძიება გრძელდება და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში პასუხისმგებლობაში მოქმედ სასულიერო პირსაც მისცემენ, – წერს „პრაიმ ტაიმი“.