საქართველოს რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა ესტუმრა. რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სპეცოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე, საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
მოგვიანებით, მინდია ჯანელიძე და მირჩეა დუშა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დღესვე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები