ნინო გიორგობიანი: გენერალური ინსპექცია შეისწავლის, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი არასრულწლოვანმა
შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი 16 წლის არასრულწლოვანმა, – ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
“საუბარია 2 პირზე, რომელთაგან ერთი არის 18 წლის ანუ სრულწლოვანი, მას შეეძლო საზღვარი ID ბარათით გადაეკვეთა და ამაში კანონდარღვევა არ არის. რაც შეეხება მეორე პირს, ის 16 წლის იყო, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა და ეს იყო დარღვევა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომა, რომელსაც გენერალური ინსპექცია აუცილებლად შეისწავლის”, – განუცხადა „კვირას“ გიორგობიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დაუკავშირდა თურქეთის შს სამინისტროს და ინფორმაცია მიაწოდა, რათა მათი ადგილსამყოფელის დადგენა დროულად მოხდეს.
“ასევე ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ოჯახთანაც, რომელსაც ყველა ინფორმაციას ოპერატიულად შევატყობინებთ”, – განაცხადა გიორგობიანმა. მშობლები ვარაუდობენ, რომ პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან, სირიაში საბრძოლველად სკოლის მოსწავლეები, 16 წლის მ.კ და 18 წლის რ.ბ წავიდნენ. მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, ისინი ორი დღის წინ სკოლაში წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. მშობლები ეჭვობენ, რომ თურქეთიდან მათ სირიაში საბრძოლველად გადაიყვანენ.