პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად კიდევ ორი ახალგაზრდა წავიდა
ოჯახის წევრების განცხადებით, 16 და 18 წლის არასრულწლოვნებმა თურქეთ-სირიის საზღვარი ორი დღის წინ გადალახეს. ამის შესახებ კი ოჯახებმა სოციალური ქსელიდან გუშინ შეიტყვეს. ახალგაზრდებმა თურქეთში ყოფნის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნეს.
მოზარდების ოჯახები ვაჰაბისტებზე საუბრობენ, რომლებიც, მათი თქმით, ახალგაზრდების გადაბირებას ახერხებენ და სირიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის მიჰყავთ.
16 წლის მოზარდის ოჯახს აინტერესებს, როგორ მოახერხა არასრულწლოვანმა საზღვრის გადალახვა მშობლების თანხმობის გარეშე. ისინი მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
„პასპორტი ჩუმად აუღიათ და წაუღიათ, ბავშვები გადაიბირეს ვაჰაბისტებმა, გადაიყვანეს საზღვარზე“, – განაცხადა 16 წლის მოზარდის ბებიამ შარიად წინწალაშვილმა.