„იმედია, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენით და სამართლებრივ თემებზე დაყრდნობით მიიღებს და არა შანტაჟისა და მუქარის ფონზე“
სს “ქართული ფოლადის” დირექტორის ნათია ჯაყელის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გაკეთების შემდეგ მხარე გახდა.
მისივე შეფასებით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
ჯაყელის განცხადებით, სასამართლო დავის საგანი არა გარკვეული თანხის დაკისრება, არამედ სს “ქართული ფოლადის” საკუთრებაში არსებული და რეაბილიტაციის პროცესში უკანონოდ გასხვისებული უძრავ-მოძრავი ქონება, მისი მეურვეობა და 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული ქარხნის აქტივების, მათ შორის წიდის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაა.
“სამართლებრივი ბრძოლის დაწყებისთანავე, რომელიც 2013 წელს დაიწყო, ვცდილობდით და ყველას ვთხოვდით, რომ არ მომხდარიყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავის პოლიტიზება და სხვა ასპექტში გადაყვანა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვები არათუ გამართლდა, არამედ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება ამ მოვლენების პიკი იყო. გუშინ არამხოლოდ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა იყო, არამედ მოხდა ტყუილის ტირაჟირება”, – განაცხადა ჯაყელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სს “ქართული ფოლადის” დირექტორის განცხადებით, წიდა, რომელზეც დავა მიმდინარეობს, შპს “რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფზე” 3 მილიონ ლარად გასხვისდა და იმავე დღეს ინა გუდავაძის კომპანიამ შპს “რუსთავის ფოლადმა” 256 მილიონ ლარად შეიძინა.
“ამ ფიქციური გარიგებისა და ფინანსური მაქინაციების შედეგად წარმოიშვა 39 მილიონის ზედმეტობა, რომელიც ამ ჯგუფმა ჯიბეში ჩაიდო და თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ხელშეკრულება უკვე მეორედ ცნო ბათილად. ვინმე თუ მეტყვის, რომ მსგავსი მაქინაციების თუნდაც ამ სახით შეჩერება კანონსაწინააღმდეგოა და ეს არის დივერსია, მაშინ უკვე სხვა თემასთან გვაქვს საქმე. პრემიერ-მინისტრი თუ მოსამართლეებს მოუწოდებს, რომ თურმე საზოგადოების წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგნენ, მაშინ როგორც ყოფილ შს მინისტრს და ამჟამად პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად ევალება ანგარიშგება საზოგადოების წინაშე და ზაზა ნინიძის, ალეკო მაისურაძის ოჯახის და მეგორების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა წარადგინოს ჩვენს წინაშე ანგარიში, რატომ ვერ დაიცვა მათი სიცოცხლის უფლება, როცა 2013 წლის 24 ივნისს სს “ქართული ფოლადის” ოფისი ააფეთქეს. ის მაშინ შს მინისტრი იყო. ჩვენ წარმოგვიდგინოს ანგარიში, რატომაა ეს საქმე შემოდებული თაროზე, სხვა საქმეებთან ერთად. თუნდაც ბიუჯეტიდან 39 მილიონის მოპარვის საქმესთან ერთად. დივერსია და ბიუჯეტის დაზარალება ესაა და არა ის, რაზეც დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ნათია ჯაყელმა.
ჯაყელი იმედოვნებს, რომ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენით და სამართლებრივ თემებზე დაყრდნობით მიიღებს და არა შანტაჟისა და მუქარის ფონზე.