ლაშა კილაძე: „რა, სად როდის“ აბსოლუტურად აპოლიტიკურია და ასეთადვე დარჩება
მოაზროვნეთა კლუბის – „რა, სად, როდის“ წევრმა ლაშა კილაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ხელისუფლების გუნდთან შეხვედრაზე და მოაზროვნეთა პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.
ლაშა კილაძის განმარტებით, შესაძლოა, კლუბის რომელიმე წევრმა გადაწყვიტოს რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი გახდეს, თუმცა ეს უშუალოდ მისი სახელით იქნება და არა ინტელექტკლუბის სახელით. კილაძის განცხადებით, ინტელექტკლუბი „რა, სად როდის“ აბსოლუტურად აპოლიტიკურია და ასეთადვე დარჩება.
„კონკრეტული შემოთავაზება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ ყოფილა. გვქონდა შეხვედრა სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან, ისინი არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენი ხედვებით დაინტერესდნენ. რამე კონკრეტული შემოთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, იმდენად, რამდენადაც „რა, სად, როდის“ ინტელექტკლუბი გახლავთ აბსოლუტურად აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც შეუძლებელია რომელიმე პოლიტიკური ძალის სატელიტი გახდეს იმდენად, რამდენადაც საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ზეპოლიტიკურია. ჩვენ 25 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევით, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოსთვის პირველი რიგის ამოცანაა. ამდენად, ის, რომ კლუბი თავიის სრული შემადგენლობით ჩაერთოს პოლიტიკაში, ცოტა ძნელად წარმომიდგენია.
ქართულ პოლიტიკაში ჩვენი კლუბის მასობრივად გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ვხედავ. რაც შეეხებათ ცალკეულ პირებს, ისინი არჩევანში შეზღუდულები არ არიან, მაგრამ თუკი ეს მოხდა, ეს მოხდება უშუალოდ მათი და არა კლუბის სახელით. ჩვენს კლუბში არიან მოქმედი პარლამენტარები და ადრეც ყოფილან წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ თავად კლუბი აბსოლუტურად აპოლიტიკურია. რაც შეეხება კლუბის კონკრეტულ რომელიმე წევრს, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ისინი მმართველ გუნდში ან სხვა ძალაში მოვიაზროთ. ისინი თავიანთ პოლიტიკურ ინტერესებში აბსოლუტურად თავისუფლები არიან, მაგრამ კლუბი „რა, სად, როდის“, როგორც ჯგუფი, პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს“,- განაცხადა ლაშა კილაძემ.