ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ყველა რელიგიური კონფესიის თითო წარმომადგენელს ერთთვიან უფასო მკურნალობას სთავაზობს

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ინტერრელიგიურ ჯგუფში შემავალი კონფესიების წარმომადგენლებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს. ცენტრის ინიციატივით, კონფესიების რეკომენდაციის საფუძველზე ამ კონფესიებიდან თვეში თითო წარმომადგენელს ცენტრში უფასო სტაციონარულ ნარკოლოგიურ დახმარებას გაუწევენ – ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ ისაუბრა. როგორც კილაძემ განმარტა, მკურნალობის კურსი ნარკოდამოკიდებულებთან ერთად ალკოჰოლდამოკიდებულებსაც ეხებათ. „ინტერრელიგიურ ჯგუფთან თანამშრომლობა ასეთ სერიოზულ პრობლემასთან ბრძოლის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. შეთავაზების ფარგლებში პაციენტები ერთთვიან მკურნალობას გაივლიან, აქედან ორი კვირა სტაციონარულ, ორი კვირა კი ამბულატორულ მომსახურებას გულისხმობს. იღებენ ფსიქიატრის, ფსიქოლოგის მომსახურებას, იღებენ სამედიცინო სერვისებს, ანალიზებს, იღებენ ფიზიოპროცედურებს, ელექტრომაგნიტურ სტიმულაციას. საქართველოში 9 ყველაზე მსხვილი რელიგიური კონფესია მოქმედებს, შესაბამისად, ეს თვეში 9 ადამიანის უფასოდ მკურნალობას გულისხმობს. სერვისი, რომელსაც ისინი უფასოდ მიიღებენ, 2 000 ლარს შეადგენს. ამაში შედის სტაციონარული დეტოქსის ნაწილი, ასევე რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც სტაციონარიდან გაწერის შემდეგ იღებენ ჩვენი ბენეფიციარები. სერვისის ხარისხი და მოცულობა იქნება ზუსტად ანალოგიური იმისა, რასაც ფასის გადახდის შემთხვევაში ვუწევთ პაციენტს. ამ პრობლემის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული პირის მზაობა იმისათვის, რომ ეს დაძლიოს“,- განაცხადა ლაშა კილაძემ. კილაძის თქმით, თუ კონფესიებისგან წარდგენილი პირი რეგიონიდან იქნება და მას საცხოვრებელი თბილისში არ ექნება, მაშინ ცენტრი მას 2 კვირის ნაცვლად მთელი თვე სტაციონარში დატოვებს. ლაშა კილაძემ, ნარკომანიასთან ერთად ალკოჰოლიზმის პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების რიცხვი შემაშფოთებლად იზრდება. კილაძემ ალკოჰოლიზმის გამომწვევ შესაძლო მიზეზებზეც ისაუბრა. „განსაკუთრებით საგანგაშოა ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების რაოდენობის ძალიან ცუდად მზარდი ტენდენცია. შარშანდელთან შედარებით, წელს უკვე უფრო მეტი ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანი მოგვმართავს სამკურნალოდ. ეს პრობლემა დაახლოებით ათი წლის წინ საერთოდ დაბალ დონეზე იდგა, მაგრამ ტენდენციის მიხედვით ვხედავთ, რომ ალკოჰოლდამოკიდებულება საქართველოში იზრდება. ამის მიზეზებად შეგვიძლია არამყარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პერმანენტული სტრესული გარემო ვივარაუდოთ. ძალიან ხშირ შემთხვევაში კი ეს უხარისხო სუროგატული წარმოების ალკოჰოლშემცველი პროდუქტებია, ხშირ შემთხვევაში ის ადამიანის ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს“, – განაცხადა ლაშა კილაძემ. ამ ეტაპზე ნარკოლოგიურ სტაციონარულ განყოფილებაში 24 ბენეფიციარი მკურნალობს, სრული დატვირთვის შემთხვევაში კი, კილაძის განცხადებით, ცენტრს ერთდროულად 45 ადამიანის განთავსების საშუალება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები