43-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია. ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და აშშ-ს არმიის ტაქტიკური დაჯგუფება “სოლიდის” მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარია მილერი დახვდნენ.
თავდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი სამხედროები აშშ-ის არმიის სარდლობის დაქვემდებარებაში “მტკიცე მხარდაჭერის” სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, როტაციის წესით, V ქვეითი ბრიგადის 51-ბატალიონს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოგვიანებით გაიმართება.
43-ე ბატალიონთან ერთად სამშვიდობო მისიაში პირველად ჩაერთვება ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.