ალასანია საფრანგეთის ელჩზე: ის მემორანდუმის გაფორმებას არ ესწრებოდა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის განცხადებას ეხმაურება. როგორც ალასანიამ გადაცემაში „პირველი სტუდია“ აღნიშნა, საფრანგეთში, მემორანდუმის გაფორმებას ელჩი არ ესწრებოდა, თუმცა ალასანია დარწმუნებულია, რომ ელჩი ინფორმირებული იყო მემორნადუმის თაობაზეც და იმ საკითხზეც, თუ რა ვადებში უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმის შესაბამისად შეთანხმება.
„ელჩის კრიტიკას და კომენტარებს არ ვაპირებ. ტექნიკურად შეიძლება სწორად არის ნათქვამი, რომ ფინანსურ ვალდებულებას მე ვერ ავიღებდი, ანუ ვალდებულება რომ არ იყო აღებული, ეს ფაქტია, ეს უნდა მომხდარიყო შემდეგ, უკვე შეთანხმების გაფორმებით. მიკვირს ის, რომ მან არ ახსენა რა იყო რეალურად გაფორმებული, თუმცა ეს მისი არჩევანია და მის კრიტიკას არ დავიწყებ. მაგრამ ალბათ მეც ვკითხავდი, იყო თუ არა მემორანდუმი გაფორმებული საფრანგეთში და რა ვადებში უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმის შესაბამისად შეთანხმება.
მემორანდუმის გაფორმებას ელჩი არ ესწრებოდა . აქედან გამომდინარე, მას შეიძლება ჰქონდეს საბაბი იმის, თქვას, რომ მის თვალწინ მემორანდუმი არ გაფორმებულა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ინფორმირებულ იყო ამის შესახებ თავიდან ბოლომდე“, -განაცხადა ალასანიამ.
ქართული მხრიდან ფრანგ მწარმოებლებთან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა განაცხადა. სალენსის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ელჩის თქმით, ქართულ მხარესა და ფრანგულ მწარმოებლებს შორის იყო მხოლოდ განხილვები, რომელიც ახლაც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები