“ლაილაშის” ბიბლიის გადაცემის საკითხი არ დგას და არ დადგება დღის წესრიგში“

 “ლაილაშის” ბიბლიის უნიკალური ექსპონატთან დაკავშირებით, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრშია დაცული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “ლაილაშის“ ბიბლიის უნიკალური ექსპონატის გადაცემის საკითხი არ დგას და არ დადგება დღის წესრიგში. “ვეხმაურებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვას საქართველოს მთავრობისადმი, მსოფლიო მნიშვნელობის “ლაილაშის“ ბიბლიის ხელნაწერთა ცენტრიდან სხვა სამუზეუმო დაწესებულებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, ხელნაწერი მემკვიდრეობის დაცვა-შენახვა და მისი პოპულარიზაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ხელისუფლების მიზანია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექციის ერთიანობის დაცვა და გაფრთხილება და არა მისი ხელყოფა. აქედან გამომდინარე, “ლაილაშის“ ბიბლიის უნიკალური ექსპონატის გადაცემის საკითხი არ დგას და არ დადგება დღის წესრიგში. შესაბამისად, კოლექციის მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებასა და გაფართოებაზე ზრუნვა-მოწესრიგდა არქივი, ამოქმედდა წლების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული კლიმატკონტროლის სისტემა, გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, 2015 წლიდან კი ხელნაწერთა ცენტრის ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, რომლის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს მთავრობას დღეს მიმართეს. თანამშრომლები მოითხოვენ, რომ “ლაილაშის ბიბლია” ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დარჩეს. განცხადების მიხედვით, ბოლო დროს დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა რამდენჯერმე დააყენა ხელნაწერთა ეროვვნული ცენტრის ებრაულ ხელნაწერთა კოლექციის ერთი ნაწილის, მათ შორის უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის “ლაილაშის ბიბლიის” მუზეუმისთვის გადაცემის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები