მერიაში შშმ პირთათვის პარკირების წესში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პარკირების წესში ცვლილებების შეტანის საკითხთან დაკავშირებით დღეს, თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი და შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოისმინეს პარკირების კუთხით არსებული პრობლემები და ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს დაცული ამ მხრივ შშმ პირთა უფლებები. აღინიშნა რომ პარკირების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქალაქში გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდება.
მერიის ცნობით, დღეისათვის არსებული მდგომარეობით, სპეციალური ადგილით სარგებლობა მხოლოდ იმ შშმ პირს შეუძლია, ვისაც საკუთარ მფლობელობაში ჰყავს ავტომობილი. ცვლილებების განხორციელების შედეგად კი, პარკირების უფლებით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირები, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია და ავტომობილის საკუთრებაში ქონა სავალდებულო აღარ იქნება. საბოლოო სახით, ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. როგორც აღინიშნა, მერია აქტიურად ითანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან და მათი წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა გაიზარდოს შშმ პირთა მობილურობისა და დამოუკიდებელი გადაადგილების ხარისხი და მათი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები