საფრანგეთის ელჩი: ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა
ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა, – ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა რენო სალენსმა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით საქართველო -საფრანგეთის თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე „განხილვები“, რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა – არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია, არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება“, -აღნიშნა ელჩმა.
რენო სალენსმა აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს რენო სალენსსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრას უმასპინძლა.