ტრისტან წითელაშვილი: ალასანიას მიერ დღეს გაჟღერებული ბრალდებები პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა
პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ საჰაერო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პოპულისტურს უწოდებს.
წითელაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ალასანიას მიერ დღეს გაჟღერებული ბრალდებები პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას წარმოადგენს. პოლკოვნიკი აცხადებს, რომ მემორანდუმით, რომელიც საფრანგეთში უნდა გაფორმებულიყო, ვერ მოხდებოდა საქართველოს საჰაერო სუვერენიტეტის სრული კონტროლის აღება. წითელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსების საკითხი ასე მარტივად ვერ გადაწყდებოდა.
„ალასანია ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი იმ პოლიტიკურ სკანდალებს, რა სკანდალებიც მის ირგვლივ ტრიალებს. მას სურს, ბრალდებებით გააბათილოს ის გადაცდომები, რა გადაცდომებიც მას ჰქონდა თავდაცვის ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნისას. ალასანია თვითრეაბილიტაციას ცდილობს. ის საზოგადოების თვალში ქულების დაწერისთვის იღწვის. რაც შეეხება თავდაცვითი სისტემების განთავსებას, ეს საკითხები ასე მარტივად არ წყდება. ეს მემორანდუმი არ ითვალისწინებს იმას, რომ ხვალ და ზეგ საქართველოში საჰაერო თავდაცვით სისტემები განთავსდება და სრულიად დაცულები ვიქნებით, ეს მემორანდუმი არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი დეტალი, ასე, რომ ალასანიას მიერ დოკუმენტების ფრიალი და რაღაცების მტკიცება საზოგადოები შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა წითელაშვილმა.
ამასთან, წითელაშვილი მიიჩნევს, რომ ალასანიას მხრიდან მსგავს საკითხებზე ღიად საუბარი სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინა თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მემორანდუმის ხელის მოწერა პრემიერ-მინისტრთან და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან შეთანხმებული იყო. თუმცა, ალასანიას თქმით, მას დაურეკეს პრემიერის სახელით, რომ მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ ის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა, თუმცა მან დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას, თუმცა ასე არ მოხდა. ამის გამო კი, მისი თქმით, შეთანხმება ჩაიშალა.