„არ მინდა, ეს ვინმემ პოლიტიკისთვის გამოიყენოს, რადგან ამ კომპანიის უკან 3 ათასი ოჯახი დგას”

კომპანია “არ-ემ-ჯი ჯგუფის” დირექტორის დიმიტრი ტროიცკის განცხადებით, ამ ეტაპზე მუზეუმის კონცეფციაზე მიმდინარეობს მუშაობა და მშენებლობა კონცეფციასა და პროექტირებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყება. ტროიცკიმ ასევე კომპანიის აქციონერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი კომპანიაში 22%-იან წილს დღემდე ფლობს.
“ამ ეტაპზე ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მუზეუმის კონცეფციაზე, რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც კონცეფცია დამტკიცდება და დასრულდება პროექტირება, შევუდგებით პროექტის რეალიზაციას. მშენებლობა გაგრძელდება დაახლოებით ერთი წელი. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ–ერთი საინტერესო ადგილი რაიონში, სადაც განთავსდება აღნიშნულ მიდამოებში ნანახი აღმოჩენები. რაც შეეხება კომპანიის აქციონერებს, ამ ეტაპზე 22% წილის მფლობელი არის კობა ნაყოფია, ის ფლობდა წილს მანამ, ვიდრე ჩვენ ვიყიდდით ამ ბიზნესს”, – განაცხადა ტროიცკიმ.
კომპანია “არ-ემ-ჯი ჯგუფის” დირექტორის თქმით, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კომპანიას საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მისცა.
“ეს ერთადერთი ალტერნატივა იყო კომპანიის სიცოცხლისუნარიოანობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ინვესტირებისთვის. დღეს კომპანია მუშაობს, მაგრამ არ ცხრება პოლიტიკური ვნებათაღელვა. არ მინდა ,ეს ვინმემ პოლიტიკისთვის გამოიყენოს, რადგან ამ კომპანიის უკან 3 ათასი ოჯახი დგას”, – განაცხადა დიმიტრი ტროიცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები