ზაალ კასრელიშვილი: თუ ალასანია ბრალდებების შესაბამის მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, მისი კვალი პოლიტიკაში გაქრება

ირაკლი ალასანიამ დღეს მთავრობას ბრალი წაუყენა სახელმწიფო ღალატში, და თუ ის შესაბამის მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, მისი კვალი ქართულ პოლიტიკაში გაქრება, – ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებას საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.
კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული საკითხი არის სახელმწიფო საიდუმლო და დადანაშაულებები კარგ შედეგამდე არ მივა. კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მინისტრი ცდილობს სკანდალური თემის აგორებას და საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ ძალად წარმოჩენას. კასრელიშვილის შეფასებით, ალასანია დასავლელ კოლეგებს თავს აწონებს, რეალურად კი მისი განცხადებები რუსეთის გულის მოსაგებია.
„შეგვიძლია, დაბეჯითებით დავასკვნათ, რომ ირაკლი ალასანიამ მთავრობას დღეს ბრალი წაუყენა სახელმწიფო ღალატში, და თუ ის შესაბამის მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური კვალი, რომელიც ისედაც ჩაქრობის პირას არის, საერთოდ გაქრება ქართული პოლიტიკიდან. ალასანია ცდილობს, მაქსიმალურად სკანდალური თემა ააგოროს, რომელიც ძალიან სენსორულია დასავლეთში. ის ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება წარმოაჩინოს პრორუსული ორიენტაციის ძალად, რაც საქართველოს ასუსტებს. ის შეგნებულად მიდის დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ. თუმცა ამ ძალის სკანდალს ის ვერ ააგორებს. როგორც ჩანს, აღარ აქვს ისეთი მხარდაჭერის იმედი, როგორიც ჰქონდა და რასაც ელოდა და ახლა მიდის ვა-ბანკზე, გართულებაზე. დასავლელ კოლეგებს აწონებს თავს, მაგრამ, რასაც ახლა ეგ აკეთებს, ეს უფრო რუსეთის გულის მოსაგებად არის. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ის პირდაპირ აძლევს საბაბს იმისათვის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ დასავლეთთან ულტიმატუმების ენით ილაპარაკოს და რუსეთის წინააღმდეგობა ვაზიანში ბაზის გახსნის თაობაზე გაამართლოს“, – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ალასანიას მიერ აღნიშნულ თემაზე აპელირება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია.
„ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის წევრებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ისინი, ბუნებრივია, ამ თემით აპელირებენ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ის თემაა, რომელიც მათ პატრიოტიზმს და სამშობლოსადმი თავდადებას გაუსვამს ხაზს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს საქართველოს მოსახლეობაში მათ რეიტინგს ასწევს. ამ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკი მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის და საფრთხის შემცველია. არც ერთ ქვეყანაში გაბრაზებული პოლიტკიოსები არ ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა ხარისხის იარაღი შეისყიდეს, ან უნდა შეესყიდათ და რა ხარისხის თავდაცვის სისტემები უნდა შეექმნათ თავის ქვეყანაში“, – აღნიშნავს კასრელიშვილი.
სამხედრო ექსპერტი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღრიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მიმართავს, რომ განცხადებას საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს კვალიფიციურად მიუდგნენ და ალასანიასთან ერთდ ეს თემა პროფესიონალების წრეში განიხილონ.
„თუ ვინმემ პიროვნულად გადაწყვიტა, რომ საქართველო არ გაძლიერდეს, ეს არის ღალატის ტოლფასი ბრალდება. მივმართავ ღარიბაშვილს და ჯანელიძეს, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება. ეს არ არის ჩინოვნიკის არაპროფესიონალიზმის გამო გაკეთებული ბრალდება. ეს არის ღალატის ბრალდება. გთხოვთ, კვალიფიციურად მიუდგეთ ამას და პროფესიონალების წრეში განიხილოთ. ღარიბაშვილმა და ჯანელიძემ საქართველოს მასშტაბით ყველა კვალიფიციური მოქმედი და ყოფილი პროფესიონალი უნდა მოაგროვონ და ეს საკითხი დახურულ სივრცეში განიხილონ ალასანიასთან ერთად. განიხილონ, რა სკანდალური, საფრთხის შემცველი ქვეტექსტები დევს ყოფილი მინისტრის განცხადებებში და რას ემსახურება ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალასანია დასავლეთში ძალიან ბევრ ადამიანს აამხედრებს საქართველოს დღევანდელი ხელოისუფლების წინააღმდეგ და რუსეთს მისცემს საშუალებას, დასავლეთზე გააძლიერო ზეწოლა ვაზიანსი ბაზის გახსნის უარყოფით მხარეებზე“, – აცხადებს კასრელიშვილი.
მისივე განცხადებით, ალასანიას დღევანდელ ბრიფინგს გამოხმაურება მოჰყვება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
„ისინი იტყვიან, რომ ჩვენ სწორედ ამიტომ არ გვინდა ვაზიანში ნატოს ბაზა ააშენონ და ამერიკამ და დასავლეთმა საქართველოს თვდაცვა გააძლიერონ, რადგან ისინი ამას რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ, რასაც მოჰყვება დესტაბილიზაცია რეგიონში“, – ამბობს სამხედროს ექსპერტი.
ზაალ კასრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს საფრანგეთში ვიზიტის დროს კერძო ინიციატივები გამოეჩინა, რადგან მას ძალიან უყვარს თავმომწონეობა.
„ეჭვი მეპარება, რომ მთავრობის წევრებს არ სცოდნოდათ საფრანგეთში ირაკლი ალასანიას მიერ განსახილველი თემები, თუმცა არც იმას არ გამოვრიცხავთ, რომ ალასანიას კერძო ინიციატივები გამოეჩინა. მას ძალიან უყვარს „მარიაჟი“. ყველა მისი გამოსვლა თეატრალიზებულია“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
სამხედრო ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავებასა და საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოვლენებს შორის კავშირს ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინა თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მემორანდუმის ხელისმოწერა პრემიერ-მინისტრთან და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან შეთანხმებული იყო. თუმცა, ალასანიას თქმით, მას დაურეკეს პრემიერის სახელით, რომ მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ ის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა, თუმცა მან დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას, თუმცა ასე არ მოხდა. ამის გამო კი, მისი თქმით, შეთანხმება ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები