საქართველომ ნატოში 2015 წლის ეროვნული პროგრამა წარადგინა
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. 28+1 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს 2015 წლის ეროვნული პროგრამა წარადგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების მოადგილეების დონეზე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ ქავთარაძემ მოკავშირეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
უწყების ცნობით, ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებებით მიღწეული პროგრესი და წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა; ასევე, ხაზი გაესვა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების წინასწარ დღის წესრიგს.
ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, ალიანსის წევრებმა საქართველოს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი მტკიცე მხარდაჭერა.
ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილე ქართულ დელეგაციას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ხელმძღვანელობდა.