ირაკლი ღარიბაშვილი “არ-ემ-ჯისთვის” ხელის შეშლას დივერსიად აფასებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ახალი სამთავრობო პროგრამის “ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კომპანია “არ-ემ-ჯისთვის” ხელის შეშლა დივერსიაა. ამასთან, პრემიერმა სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ კომპანიაში 3 ათასი ოჯახია დასაქმებული, რომელთა შენახვასაც მილიონობით ლარი სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლნისის რაიონი კომპანია “RMG”-ის მუშაობაზეა დამოკიდებული. პრემიერი დაინტერესდა, აქვთ თუ არა გააზრებული იმ ადამიანებს, ვინც კომპანიის მუშაობას აფერხებენ რამხელა პასუხისმგებლობას ირებენ საკუთარ თავზე.
“მე ვიცი, რომ დიდი პრობლემები შეექმნა ბოლნისში კომპანია “არ-ემ-ჯის”, სადაც მუშაობს 3000 ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. 2012 წელს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა ბოლნისის რაიონს. გასულ წელს მთლაინად ცენტრალურმა ბიუჯეტმა დააფინანსა ბოლნისის რაიონი, იმიტომ რომ კომპანია აბსოლუტურად პარალიზებული იყო, გაჩერებული იყო სამუშაოები. 3000 ოჯახის შენახვას მილიონობით ლარი სჭირდება. მე მაინტერესებს უბრალოდ, ამ ადამიანებს თუ აქვთ გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მათ არც პასუხისმგებლობა გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3 ათასი ოჯახი დგას. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მე ვიტყოდი ანტისახელმწიფოებრივიც, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში, რაც ხდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.