ეკა ბესელია: ირაკლი ალასანიამ სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლა პარტიული ინტერესი დააყენა
თავდაცვით საჰაერო სისტემებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა. ბესელიასთვის პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნა მიუღებელია. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ირაკლი ალასანიამ დღევანდელი განცხადებით სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლა პარტიული ინტერესი დააყენა.
„მიმაჩნია გაუმართლებლად და საზიანოდ ასეთ თემებზე საუბარი. ვარ გაოცებული, როგორ მოახერხა ალასანიამ ის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი გადაწონა მისთვის პარტიულმა ინტერესმა და ოპოზიციური სივრციდან საუბრის სურვილმა. ირაკლი ალასანიას უნდობლობა მთავრობამ გამოუცხადა მაშინ, როდესაც ის გადააყენეს თანამდებობიდან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმების თაობაზე პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება.