„ძალიან ბევრი თემაა აქტუალური და ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თემაზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას“
უნდა შეიქმნას თუ არა თავდაცვით საჰაერო სისტემებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისია, ამ საკითხზე დეპუტატებს ამ ეტაპზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, იგი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას არ ემხრობა. მისი განმარტებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეეძლო ამ საკითხზე დახურული სხდომის მოწვევა.
„მაშინ, როდესაც თვითონ იყო თავდაცვის მინისტრი, მას შეეძლო ეს განცხადება გაეკეთებინა, თუ ეს მართლაც ასე ხდებოდა. რა თქმა უნდა არ დავუჭერ მხარს. მოეწვია და დახურულ სხდომაზე იქნებოდა ეს განხილული. ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ეხებოდა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თინა ხიდაშელი ამ საკითხზე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას თავის წესი აქვს.
„ქვეყანაში ძალიან ბევრი თემაა აქტუალური და ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თემაზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნას თავისი წესი და მიზანშეწონილობა აქვს და გააჩნია ფრაქცია როგორ დაასაბუთებს ამ მოთხოვნას“, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ თუკი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და პრემიერ ირაკლი ღარიბშვილი იტყვიან, რომ რაც ალასანიამ თქვა, ტყუილი იყო, მაშინ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომისია და ეს ყველაფერი გადამოწმდეს.
„კომისას და 6 თვის კარგვას აზრი ამ შემთხვევაში არ აქვს იმიტომ, რომ არც ჯანელიძე და არც ღარიბაშვილი საერთოდ არ უარყოფენ, რომ ასეთი რამ მოხდა. ანუ ყველაფერი ნათელი ხდება. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ის რაც თქვა ალასანიამ, ზუსტად ასეც მოხდა. რაღა უნდა გამოვიძიოთ. აქ ერთადერთი პირველი საკითხია ამ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება თავად ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს ვიქტორ დოლიძეს, მისი თქმით, რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქცია პარლამეტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი თავად იქნება.
„შევიტანთ, უახლოეს მომავალში როცა იქნება ბიუროს სხდომა, რაც მთავარია გვინდა ნათელი მოვფინოთ რეალურ სურათს“, – აღნიშნა დოლიძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტია თავდაცვით საჰაერო სისტემებთან დაკავშირებით საფრანგეთში გაფორმებული მემორანდუმის შესასწავლად დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნას პარლამენტში უახლოეს პერიოდში შეიტანს. თავდაცვის ექსმინისტრის განცხადებით, კომისიამ უნდა შეისწავლოს რა პირობებში და როგორ დაიდო ეს მემორანდუმი საფრანგეთთან და რა დააკლდა ქვეყანას შეთანხმების ჩაშლით.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დასვას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. წარდგინებაში განსაზღვრული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა. წერილობითი წარდგინება გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. პარლამენტის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, კომისიის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.
წყარო: „პირWელი“