ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ (Noble Partner) დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. სამინისტროს ცნობით, მაისში დაგეგმილი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების საბოლოო დეტალების განხილვის მიზნით, აშშ-ის ევროპული სარდლობის ოპერაციების დაგეგმვის მთავარი ოფიცერი, ბრიგადის გენერალი ჯონ ჰორტი საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.
დაგეგმვის კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენეარალური შტაბის G3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ და I ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი შენგელიამ მიიღეს. გენერალმა ჯონ ჰორტმა ის სასწავლო ობიექტებიც მოინახულა, სადაც ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნები გაიმართება. ამერიკელმა გენერალმა ქართველ კოლეგებთან ერთად სწავლების გრაფიკსა და განხორციელების საკითხებზეც ისაუბრა.
სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ საქართველოში პირველად ჩატარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად სრულყოფილად მზადყოფნას ისახავს მიზნად. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა „ბრედლებისა“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები