გიორგი ალიბეგაშვილი: “თავისუფალმა დემოკრატებმა” შესაძლოა, ახალი ფრაქცია შექმნან

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” საკრებულოს წევრებმა შესაძლოა ახალი ფრაქცია შექმნან.
ალიბეგაშვილი იმედოვნებს, რომ ფრაქციის მიერ საქმიანობის შეწყვეტის მიუხედავად, მხარეები მაინც განაგრძობენ თანამშრომლობას.
“ისინი არიან ძალინ ღირსეული პიროვნებები, მათთან ერთად ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლის გზა გამოვიარეთ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს მათ საკრებულოში. იყო არაერთგზის ოპონირება. ეს ოპონირება იყო ყოველთვის კონსტრუქციული. იმედია, მათთან კვლავ ჯანსაღი ურთიერთობა გაგრძელდება”, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ფრაქცია “თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის საკრებულოში საქმიანობა შეწყვიტეს. მიზეზად კი პარტიასა და ფრაქციას შორის არსებული სტრატეგიების შეუსაბამობა დასახელდა.
“პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია “თავისუფალი დმეოკრატების” საქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ. სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისათვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები და ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას”, – აღნიშნულია პარტია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები