საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. მინდია ჯანელიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან შეხვედრისას ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობაზე გაამახვილა. მან აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მინდია ჯანელიძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს. მხარეებმა 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების სტატუსი განიხილეს.
საუბრის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.