პრემიერი: ჩვენს კომპეტენციაში არცერთი ორგანო არ უნდა ჩაერიოს უხეშად, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ პარლამენტი
ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, უხეშად არ უნდა ჩაერიოს, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისადმი გუშინ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერი გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისმა ადმინისტრაციამ მთავრობას, ნატოს პაკეტის იმპელემენტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ორჯერ სთხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მისივე თქმით, თუ რაიმე სახის ინფორმაცია აინტერესებს ვინმეს, მთავრობა მზადაა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
“რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნას, თითქოს მთავრობამ არ მოიწვია პრეზიდენტი და არ განვიხილეთ ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების შეთანხმების, ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს არის მთავრობის პრეროგატივა და კომპეტენცია. მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები, რომ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს არსებითი პაკეტის განხორციელება. რაც შეეხება ევროინტეგრაციის ნაწილს, ამ იმპლემენტაციას, უშუალოდ მე ვკურირებ და ყოველთვე გვაქვს შეხვედრები. ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არცერთი ორგანო არ უნდა ჩაერიოს უხეშად, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ პარლამენტი. რაც არის მთავრობის კომპეტენცია, ეს მთავრობამ უნდა აღასრულოს და არა სხვამ, ხოლო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობაზე კონტროლს პარლამენტი და საქართველოს მოსახლეობა განახორციელებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, თუ რაიმე სახის ინფორმაცია აინტერესებს ვინმეს, მთავრობა მზადაა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ მთავრობას, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროს ნატოს პაკეტის იმპელემენტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ორჯერ სთხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.