შეიარაღებული ძალების I მსუბუქ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა (ვიდეო)
საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი წიწამურთან მდებარე ილია ჭავჭავაძის მემორიალთან გაიმართა. ბრიგადის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. გენერალური შტაბის უფროსმა I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვა.
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის თქმით, მისთვის, როგორც ამავე ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურისთვის, ეს დღე საამაყო და მნიშვნელოვანია. ბრიგადის 23-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღესვე პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გოჩა რატიანმა ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ გიორგი შენგელიას მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ გადასცა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, სამი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოვდა. სამხედრო მოსამსახურეებმა მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“ მიიღეს.
საზეიმო ცერემონიალზე, ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი შენგელიამ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს, მის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ასევე აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურს პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძესა და მთავარ სერჟანტს, მანუჩარ დავითურს I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის საპატიო წევრის სიგელი გადასცა. ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული „შვიდკაცა რაგბის“ ტურნირის გამარჯვებული I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რაგბისტთა გუნდის წევრები მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ. I ქვეითი ბრიგადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია ქართულ შეიარაღებულ ძალებში. ბრიგადას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.